რუსული კანონი

ომბუდსმენი ბრეგაძეს რუსულ კანონთან დაკავშირებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანისთვის მიმართავს

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს რუსული კანონის პირობებში, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა საფინანსო დეკლარაციაში ასასახი დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების წესის დისკრიმინაციულობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე წინადადებით მიმართა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ბრძანებით, ორგანიზაციების დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება, რაც ზღუდავს ინდივიდთა პირადი ცხოვრების უფლებას და გავლენას ახდენს დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზაციაზე, სრულიად დაუცველს ტოვებს, "იწვევს მათ სტიგმატიზაციას და, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების საწინააღმდეგოდ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში".

"ამდენად, სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია, თავისი ბუნებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, ტოვებს სრულიად დაუცველ მდგომარეობაში საზოგადოების სხვა წევრების წინაშე, იწვევს მათ სტიგმატიზაციას და, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების საწინააღმდეგოდ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ამგვარი ჩარევა, რომელიც პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამჟღავნებას გულისხმობს, გაუმართლებელი და არაპროპორციულია, რაც არღვევს მათ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ყველა ასეთ საქმეში, ხელისუფლებაზე დაკისრებულია მძიმე ტვირთი გაამართლოს შესაბამისი შეზღუდვის აუცილებლობა.

მოცემულ საქმეში შეუძლებელია, თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება დაკავშირებული იყოს ამ ორგანიზაციის ფინანსების გამჭვირვალობასთან, ვინაიდან ფინანსების გამჭვირვალობის მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნას ზემოთ განხილული პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების გარეშე. მეტიც, როგორც ვენეციის კომისია, 2024 წლის დასკვნაში მიუთითებს, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უფლებადამცველების ან მედიაორგანიზაციების არსებობას, რომლებიც აშუქებენ, მაგალითად, კორუფციის ფაქტებს. ცოტა ორგანიზაციას გაუჩნდება სურვილი ან ექნება შესაძლებლობა, დეტალურად წარმოადგინოს ის დოკუმენტები, რომლებმაც შესაძლოა მათი წევრების ან მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წევრების იდენტიფიცირება და, შესაბამისად, საჯარო სტიგმატიზაციისა და შევიწროების ქვეშ მოქცევა გამოიწვიოს". - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას ექნება მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი იმ პირებისთვის, ვისაც რუსული კანონის მოქმედება შეეხება.

"ორგანიზაციის წევრთა ვინაობებისა და სხვა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება მსუსხავ ეფექტს ახდენს გაერთიანების თავისუფლებაზეც, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის თუ სხვა რისკებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ორგანიზაციამ დაკარგოს წევრები და ვეღარ მოიზიდოს ახალი თანამშრომლები, განსაკუთრებით, იმ სტიგმის პირობებში, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსს უკავშირდება.

ამგვარი ფართო უფლებამოსილების მინიჭება და დიდი მოცულობის ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა ასევე, უნდობლობის ფაქტორს ქმნის და მსუსხავ ეფექტს იქონიებს არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციარებისთვის და მედიასაშუალებების წყაროებისთვის, საკუთარ პერსონალური მონაცემები და მათ შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ამრიგად, აღნიშნული მონაცემების გასაჯაროება დამაბრკოლებელი გარემოება იქნება პირებისთვის საქმიანობა გააგრძელონ ან დასაქმდნენ ამ ორგანიზაციებში. ვინაიდან მათი ინტერესი, როგორც მონაცემთა სუბიექტების, რომ მათი პერსონალურ მონაცემები იყოს დაცული და არ გასაჯაროვდეს უგულებელყოფილია. შესაბამისად, ეს იქნება დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორი ორგანიზაციებისთვის მოიზიდონ, დაიქირაონ და შეინარჩუნონ პერსონალი, რათა ეფექტურად განახორციელონ ის საქმიანობა, რასაც აქამდე ემსახურებოდნენ". - წერს ომბუდსმენი.

იოსელიანი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს აღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სხვ.) საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს.
 

კომენტარები