რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, დაშავებულია 44, მათ შორის, 7 მცირეწლოვანი

Олег Синєгубов/Telegram

რუსეთმა ხარკოვზე რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 44 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, 7 მცირეწლოვანი. 

როგორც ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე წერს, ოკუპანტებმა ქალაქის ნემიშლიანსკისა და სალტივისკის რაიონებზე Iskander-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებითაც მიიტანეს იერიში. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხარკოვის სპორტის სასახლე, სავაჭრო ცენტრი და ჰიდროპარკი.

სპორტის სასახლეში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გუბერნატორის ცნობით, კომპლექსის ერთ-ერთი თანამშრომელი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა რამდენიმე, შესაძლოა, ისევ ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს. 

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

"რუსეთი ხარკოვს ისევ ატერორებს. არტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ქალაქის შიგნით. [...]

მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში, რომ ტერორი შეწყდეს. ეს მოითხოვს არა ექსტრაორდინარულ ძალებს, არამედ ლიდერების საკმარის გამბედაობას - გამბედაობას, რომ უკრაინას გადასცენ ყველაფერი, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება" - წერს უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე. 

ცნობისთვის, ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში 2 დღის წინ, 30 აგვისტოსაც მიიტანეს. თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 14 წლის გოგო. დაშავდა 97 ადამიანი, რომელთაგან 22 არასრულწლოვანია. 

ხარკოვის ოლქის დასახლებებზე ოკუპანტების თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მაისში ოლქზე ახალი ტრანსსასაზღვრო შეტევა წამოიწყეს

კომენტარები