რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა 5, დაშავდა 47 ადამიანი

Oleh Syniehubov/Telegram

30 აგვისტოს რუსეთმა ხარკოვი დაბომბა. იერიშის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, მოზარდი გოგონა, დაშავდა 47. ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ინდუსტრიალნის რაიონში მდებარე 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რამაც ადგილზე ხანძარი გააჩინა და 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ინდუსტრიალნის გარდა, რუსებმა იერიში ნემიშლიანსკის რაიონზეც მიიტანეს, რომლის შედეგადაც, როგორც ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ტელეგრამზე წერს, 14 წლის გოგო დაიღუპა. 

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, 47 ადამიანია დაშავებული. 

"ეს დარტყმა რუსული მართვადი საჰაერო ბომბით განხორციელდა - დარტყმა, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, თუ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ექნებოდათ საშუალება, გაენადგურებინათ რუსული სამხედრო თვითმფრინავები სამხედრო ბაზებზევე. ჩვენ ამ ტერორის შესაჩერებლად პარტნიორებისგან ძლიერი გადაწყვეტილებები გვჭირდება. 

ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საჭიროება. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ უკრაინის თავდაცვა შეიზღუდოს. ჩვენ შორსმოქმედი იარაღი და უკრაინის საჰაერო თავდაცვის შეთანხმებების სრულად განხორციელება გვჭირდება. ეს სიცოცხლის გადარჩენისთვის მიღებული ზომები იქნება" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ხარკოვის ოლქის დასახლებებზე ოკუპანტების თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მაისში ოლქზე ახალი ტრანსსასაზღვრო შეტევა წამოიწყეს

კომენტარები