რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, ინგუშეთში დააკავეს 6 ადგილობრივი, რომლებიც, მათი მტკიცებით, ქალაქ სუნჟაში სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებსა და ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდნენ.
ეჭვმიტანილები ქალაქ ნაზრანსა და სოფელ კანტიშევოში დააკავეს. ФСБ-ს მტკიცებით, დაკავებულები რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.
როგორც ФСБ ირწმუნება, დაკავებულთა სახლებიდან ამოიღეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი დანადგარები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა და ურბანულ და ტყიან გარემოში ბრძოლის სახელმძღვანელო.
ФСБ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ ინგუშ იმამებს ზოგიერთ საკითხში არაკომპეტენტურებად თვლიდა და ამიტომ ვაჰაბიტური (სალაფიტური) მოძღვარი აბდულა კოსტეკსკის მოსმენა დაიწყო, რის შემდეგაც "ჯიჰადის გზაზე დადგომა" გადაწყვიტა. ამის შემდეგ მან გაიცნო თანამოაზრეები, რომელთაგან ზოგიერთი სირიაში იმყოფებოდა.
23 ივნისს დაღესტანში მოხდა ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც რადიკალი ისლამისტები თავს დაესხნენ ეკლესიასა და სინაგოგას. იმსხვერპლეს 20-მდე ადამიანი. თავდასხმაში ოლქის გამგებლის შვილები მონაწილეობდნენ.
რუსეთში ბოლო წლებში უდიდესი ტერაქტი რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები იყვნენ, მოსკოვის მიმდებარედ, კროკუს სითი ჰოლში მოაწყვეს. თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა თავდამსხმელების კავშირი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან, რუსეთი ცდილობდა, რომ ტერაქტი უკრაინისთვის დაებრალებინა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ის ხორასნის ვილაიეთმა, იგივე IS-K-მ ან ISIS-K-მ აიღო.





