უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას აქვს რუსეთთან ომის დასრულების გეგმა, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გადასცემს.
ზელენსკის მიხედვით, ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთში, კურსკის რეგიონში მიმდინარე ოპერაციაა.
კონფერენციაზე, სახელწოდებით "უკრაინა 2024. დამოუკიდებლობა", უკრაინის პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, შეაფერხა თუ არა კურსკის ოპერაციამ კატარში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტა იყო.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ვირტუალურად ჩატარდა.
"ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ომის დასრულებაც მნიშვნელოვანია. კურსკის ოპერაცია ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპია" – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის მიხედვით, ომის დასრულების გეგმა კიდევ დამატებით დიპლომატიურ და ეკონომიკურ ნაბიჯებს ითვალისწინებს, რაც რუსეთს ომის დიპლომატიის გზით დასრულებისკენ უბიძგებს.





