საქართველო-რუსეთი

რუსეთს საქართველოში ფერადი რევოლუციის აღკვეთაში წვლილის შეტანა სურს – ნარიშკინი

სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი ირწმუნება, რომ რუსეთს საქართველოში "ფერადი რევოლუციის" არიდებაში წვლილის შეტანა სურს. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან ისაუბრა.

"იმ ფაქტს, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამჭვირვალე გახადა ინფორმაცია, რომელსაც ვიღებდით და ვიღებთ არამარტო დასავლური სპეცსამსახურების, არამედ სახელმწიფო ორგანოების - როგორიცაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - მტრული საქმიანობის შესახებ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში." – თქვა ნარიშკინმა.

26 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართვლოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. მსგავსი შინაარსის განცხადება ამავე ორგანომ ივლისის დასაწყისშიც გაავრცელა. მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავდა, რაც შეიძლება "ფერად რევოლუციამდე" მისულიყო.

კომენტარები