პარიზის პროკურატურამ დაკავებულ რუს ბიზნესმენ პაველ დუროვს ოფიციალურად ბრალი წაუყენა.
მესენჯერ Telegram-ის მფლობელისა და შემქმნელის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს:
- არაკანონიერი ტრანზაქციების გატარების მიზნით ონლაინ პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;
- სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა;
- არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობა;
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობა;
- ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობა;
- ჰაკერული პროგრამების გავრცელებაში თანამონაწილეობა;
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში თანამონაწილეობა;
- დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში თანამონაწილეობა;
- ფული გათეთრებაში თანამონაწილეობა;
- კრიპტოგრაფიული მომსახურების გაწევა დეკლარირების გარეშე;
- უკანონო კრიპტოგრაფიული ინფორმაციის მიწოდება;
- უკანონო კრიპტოგრაფიული საშუალებების იმპორტი;
დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში 26 აგვისტოს დააკავა. ამ დროისთვის რუს ბიზნესმენს 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
დუროვისა და მისი ძმის მიერ შექმნილი აპლიკაცია Telegram ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. პროდუქტი პოზიციონირებს, როგორც ყველაზე დაცული მესენჯერი, რომლის მონაცემთა ბაზებთან წვდომა არავის აქვს. გარდა ამისა, სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Telegram არ ეწევა მომხმარებელთა მონაცემების კომერციულ ექსპლუატაციას. კომპანიამ პირობა დადო, რომ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას არასდროს გასცემს.
2023 წლის ინტერვიუში დუროვმა თქვა, რომ დაცული მესენჯერის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში მიმოწერის შემდეგ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა.
დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, გამომგონებლის თქმით, მიზეზი რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლა გახდა, რომლებიც მას ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების გადმოცემას სთხოვდნენ. მოგვიანებით ბიზნესმენმა ჯერ გაერთიანებული არაბთა საემიროების, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.





