პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის ბრალდებულ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა". - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გენდერის ნიშნით ჩადენილ ქმედებაში გაამართლა, ხოლო დამნაშავედ ცნო 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა განაჩენს მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
პროკურატურამ თბილისში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ კაცს ბრალი 2024 წლის 10 იანვარს წარუდგინა.