რუსული რეჟიმი

მოსამართლე ოცნებას: ხორავას ქუჩის საქმით სპეკულირება უზნეობაა, გამოძიების საფუძველია

ეკა არეშიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა არეშიძე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების მიერ 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველი პარტიის მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებები "აბსურდული და ღირსების შემლახავია".

2018 წელს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი ეკა არეშიძემ გამოიტანა.

"ვეხმაურები გავრცელებული განცხადების მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც უშუალოდ მე შემეხო. თავის მართლება იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც აღნიშნულ განცხადებაში გაჟღერდა უბრალოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავია.

მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები. შეგახსენებთ:

1. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 63. მოსამართლე მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

2. აღნიშნულ საქმეზე, 6 წლის წინ, სპეციალურად შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დასკვნა.

3. სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ან დაცვის მხარის პოზიცია.

4. სასამართლოს განაჩენი ყველასთვის გასაგები და მისაღები ვერ იქნება.

5. უსამართლობის განცდა იწვევს საზოგადოების აღშფოთებას. ორი უდანაშაულო არასრულწლოვანის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა!

P.S. ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია". - წერს არეშიძე.

20 აგვისტოს გამოქვეყნებულ ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში წერია, რომ ეკა არეშიძის მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ "საეჭვო" განაჩენს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა.

"მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები