მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში უშედეგოდ გრძელდება ქართული ოცნების ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობასთან მის გასანადგურებლად, ივანიშვილმა მისი აკრძალვა გადაწყვიტა. არცერთი გამოწვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.
ნაციონალური მოძრაობა ცალკეული პიროვნებები არ არის - ეს არის თანამედროვე, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელსაც დაპირისპირება უხდება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის თანაზომიერი ძალების შეჭიდება.
ნაციონალური მოძრაობა დგას თანავარსკვლავედზე, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება. მივესალმები კობა ნაყოფიას გააქტიურებას, რისი შედეგიც უკვე შეიმჩნევა და რისგანაც ბევრს ველოდები. როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებას, პირველ რიგში ქვეყნისთვის თავდადებით გამორჩეული პიროვნებების ერთად დგომას ვგულისხმობთ. მივესალმები ხატია დეკანოიძის ძალისხმევას, რომ მისი წარსული საქმიანობიდან და წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მოძრაობაში ახალი სულისკვეთება შემოიტანოს.
ვპასუხობ ზოგიერთ კომენტატორს, რომელსაც აწუხებს პარტიის მართვაში გაჩენილი "გაორება,". ლიდერთა პარტიას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე, ლიდერი ლიდერთა შორის, თინა ბოკუჩავა, რომელიც სარგებლობს საზოგადოების დიდი ნაწილის, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით.
პარტიის ყველა ლიდერს საერთო მიზანი აერთიანებს - გადაარჩინოს უფსკრულის პირას მდგომი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა. მჯერა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, არცერთი მათგანი ძალას არ დაიშურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ერთიანობით გამარჯვებისკენ.





