საქართველო-უკრაინა

სალომე ზურაბიშვილს ყირიმის პლატფორმის მოსაწვევი გადაეცა - ხარიშინი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე უკრაინულმა მხარემ დაპატიჟა და მას მოსაწვევი საელჩოს მეშვეობით გადაეცა.

ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი 2024 წლის 11 სექტემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ხარიშინმა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე საუბრისას თქვა. იგი ამბობს, რომ ქართული მხარე ეხმიანება უკრაინის მხარდამჭერ ყველა საერთაშორისო ღონისძიებას, თუმცა ასევე ხაზს უსვამს, რომ ორ ქვეყანას შორის "ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი."

"...წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიივში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა.

ასევე პარლამენტის დონეზე ტარდება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ღონისძიებები, ტრადიციულად ოქტომბერში. გასულ წელს ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი არჩილ თალაკვაძე, იგი საქართველო-უკრაინის პარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ღონისძიების ორგანიზატორების - უკრაინისა და ლატვიის სახელით - წელს ოქტომბერში რიგაში გაიმართება, პარლამენტის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო ეს მოწვევა. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს სამიტში მოადგილეები მაინც მიიღებენ მონაწილეობას." - ამბობს ხარიშინი ინტერვიუში.

კომენტარები