ბელარუსი

უკრაინის სასაზღვრო სამსახური: ბელარუსული დანაყოფების რაოდენობის ზრდა არ შეგვმიჩნევია

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერი, ანდრეი დემჩენკო Українська правда-სთან საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ნათქვამს გამოეხმაურა და თქვა, რომ საზღვარზე ბელარუსი ჯარისკაცების ან ტექნიკის რაოდენობის ზრდა არ შეუმჩნევიათ. 

სამსახურის თქმით, ლუკაშენკოს განცხადება, რომ უკრაინის საზღვართან დამატებითი სამხედრო ნაწილები განათავსა, სიმართლეს არ შეესაბამება და აგრესიული განცხადებებით საინფორმაციო ვითარების დაძაბვას ემსახურება. 

"ვითარება ბელარუსის რესპუბლიკასთან საზღვარზე უცვლელია. როგორც ჩანს, ლუკაშენკოს რიტორიკაც უცვლელია, ტერორისტი ქვეყნის სასარგებლოდ ვითარებას მუდმივად ძაბავს რეგულარული პერიოდულობით. ამჟამად არ შეგვიმჩნევია ჩვენს საზღვართან ტექნიკისა ან ბელარუსული დანაყოფების პერსონალის რაოდენობის ზრდა". - თქვა დემჩენკომ. 

დღეს, 18 აგვისტოს, ლუკაშენკომ რუსულ ტელეარხ Россия 1-სთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინასთან მთლიან საზღვარზე სამხედრო ნაწილები განათავსეს.

ბელარუსის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ისკანდერის ტიპის სარაკეტო კომპლექსები ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით იერიშის მისატანად მზად არის და ბირთვული ქობინებით არის აღჭურვილი.

მანამდე, 9 აგვისტოს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

10 აგვისტოს ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის, ისკანდერის ტიპის რაკეტებისა და პოლონეზის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების განთავსების ბრძანება გასცა.

კომენტარები