ბელარუსი

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა უკრაინასთან მთლიან საზღვარზე სამხედრო ნაწილები განათავსა

ალექსანდრ ლუკაშენკო
AP

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსულ ტელეარხ Россия 1-სთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინასთან მთლიან საზღვარზე სამხედრო ნაწილები განათავსეს.

"საზღვარი უფრო დანაღმულია, ვიდრე ოდესმე". - თქვა ლუკაშენკომ. 

ბელარუსის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ისკანდერის ტიპის სარაკეტო კომპლექსები ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით იერიშის მისატანად მზად არის და ბირთვული ქობინებით არის აღჭურვილი.

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინამ საზღვართან 120 000 ჯარისკაცი განათავსა, რაზეც ბელარუსს საპასუხო რეაქცია ჰქონდა. 

ბელარუსის პრეზიდენტი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის დრონები მათ სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს არღვევენ. 

"ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები ამას ხედავს, ჩამოვაგდეთ სამიზნეები, მაგრამ ეს უკვე ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრაა". - თქვა ლუკაშენკომ. 

მანამდე, 9 აგვისტოს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

10 აგვისტოს ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის, ისკანდერის ტიპის რაკეტებისა და პოლონეზის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების განთავსების ბრძანება გასცა.

კომენტარები