საკონსტიტუციოს მოსამართის უფროსი თანაშემწე, თორნიკე ობოლაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს და მათ უფლებამოსილების გადამეტებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა. ინფორმაციას ონლაინგამოცემა პუბლიკა ავრცელებს.
პუბლიკის ცნობით, განაჩენი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ დღეს გამოაცხადა და "აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება დადგენილებაში წერილობით იქნება წარმოდგენილი".
პოლიცია ობოლაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ტაბულამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავშირება სცადა. დამატებით დეტალებს გაგებისთანავე შემოგთავაზებთ.
ობოლაშვილის პოსტის მიხედვით, ის 15 ივლისს უკანონოდ დააკავეს. მისი თქმით, დაკავებამდე წაართვეს ტელეფონი, რომლითაც ვიდეოს იღებდა, მოგვიანებით კი, მოტყუებით გაახსნევინეს ტელეფონი, წაართვეს და მის პირად ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს. ობოლაშვილი ამბობს, რომ წაუშალეს რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც დაკავებამდე მოასწრო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლის თქმით, დაკავებისას მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, განყოფილებაში კი, სადაც დამამცირებელი ტონით ესაუბრებოდნენ და მისი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, 4 საათის განმავლობაში გააჩერეს.
ობოლაშვილის წერდა, რომ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მათგან რეაგირებას ელოდა.