გამომძიებელი ჟურნალისტების ორგანიზაცია (OCCRP) ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში არსებული ქონების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელსაც ქართული ოცნების პრესსამსახურმა "ცრუ ინფორმაციაზე აგებული" უწოდა, ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
OCCRP-ის თქმით, გამოძიება უშუალოდ ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე ჩატარდა და ორგანიზაციას არ განუცხადებია, რომ ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება რუსეთში.
"ქართული ოცნების პრესსპიკერის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ: ბიძინა ივანიშვილს1998 წლის შემდეგ რუსეთში უძრავი ქონება არ შეუძენია, ხოლო გამოქვეყნებული გამოძიება ცრუ ინფორმაციაზე იყო აგებული.
მიუხედავად ამისა, OCCRP-ის, ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში არ უხსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება მოსკოვში - გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა.
ხვედელიძის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ქართულ მედია გამოცემებთან (აი, ფაქტი, სტუდია მონიტორი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, GMC) თანამშრომლობით ჩატარდა; მათ შორის იყო ერთ-ერთი რუსული გამოცემა (iStories), რომელიც საზღვარგარეთ ოპერირებს". - წერია განცხადებაში.





