სამხრეთ კაროლინას სენატორმა, ლინდსი გრემმა ამერიკელ ვეტერან პილოტებს უკრაინაში ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ოპერირებისკენ და ამით რუსეთის წინააღმდეგ "თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ" მოუწოდა.
კონექტიკუტისა და სამხრეთ კაროლინას შტატების სენატორები, რიჩარდ ბლუმენთალი და ლინდსი გრემი უკრაინაში ჩავიდნენ და ორშაბათს, 12 აგვისტოს პრეზიდენტ ვოლოდიმირს ზელენსკის შეხვდნენ. ზელენსკიმ მათ აცნობა, რომ მას პროგრამის ჩამოყალიბება სურს, რომლითაც F-16-ის ვეტერან პილოტებს NATO-ს წევრი ქვეყნებიდან უკრაინაში საბრძოლველად მოიწვევს, რათა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალები გააძლიეროს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას. უკრაინას უკვე ჰყავს თავისუფლებისთვის მებრძოლი [მოხალისეები] მიწაზე, ეს მოხალისეობრივი ძალები საჰაერო სივრცეშიც უნდა გამრავლდნენ" - აღნიშნულია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, 4 აგვისტოს უკრაინამ NATO-ს წევრი პარტნიორი ქვეყნებისგან ამერიკული წარმოების ათი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი მიიღო.





