რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე კურსკში მიმდინარე შეტაკებების ფონზე უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისეებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს.
"კურსკის ოლქშ ქართული ეროვნების დაქირავებული მებრძოლების გამოჩენა ყოველი ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ ყველა ქართველს უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში, დაყარეთ იარაღი და დაუბრუნდით საკუთარ ოჯახებს! ეს თქვენი ომი არაა და თქვენ არ წარმოადგენთ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საქართველოს დროში ქნევით. მე პირადად ჩამოვალ კურსკში და წინ აღვუდგები ტყვიებს, რომლებსაც რუსების წინააღმდეგ ისვრით." – რუსეთში ქართული თემის ტელეგრამ-არხის ცნობით, ამბობს ცეცხლაძე.
ამავე ტელეგრამ-არხის ცნობით, ცეცხლაძე ახლა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოკრუგში იმყოფება და აქედან კურსკის ოლქში გამგზავრებას აპირებს. აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებასაც.
გასულ დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ქართველი მოხალისეებიც გამოჩნდნენ. მოხალისე ვანო ნადირაძის ცნობით, ერთ-ერთ პირველ ჯგუფს, რომელიც კურსკში შევიდა, ქართველი მოხალისე, გიორგი ფარცვანია უძღვებოდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





