უგანდის დედაქალაქ კამპალაში არსებული ნაგავსაყრელი ჩამოიშალა, რამაც 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას გამოცემა Associated Press უგანდის წითელი ჯვრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩამოშლა, სავარაუდოდ, უხვმა ნალექმა გამოიწვია. კონკრეტულად რა გახდა მომხდარის მიზეზი, ცნობილი არ არის, თუმცა კამპალას ადმინისტრაციის თქმით, ადგილი ჰქონდა "ნარჩენთა მასის სტრუქტურულ შლას".
როგორც უგანდის წითელი ჯვრის წარმომადგენელი, ირენ ნაკასიიტა ამბობს, სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მაშველთა ჯგუფების მუშაობას ძლიერი წვიმა აფერხებს.
კიტეეზის ნაგავსაყრელი დედაქალაქის ღარიბ ნაწილში, ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. იქ ქალები და ბავშვები ხშირად მიდიან პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად. ნაგავსაყრელის მახლობლად რამდენიმე სახლიცაა აშენებული.





