საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

ცნობებით, კურსკის ოლქში უკრაინაში მებრძოლი აფხაზი სეპარატისტების ბრიგადა გადაისროლეს

ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხებზე Z ბლოგერები წერენ, რომ ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად აფხაზი სეპარატისტების მიერ დაფუძნებული ბრიგადა პიატნაშკა გადაისროლეს.

Z ბლოგერები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ჩანს მცირე რაოდენობის ჰაუბიცების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისა და მანქანა УАЗ-452-ების კოლონა. ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ ეს კოლონა პიატნაშკას ეკუთვნის. 


ინტერნაციონალური ბრიგადა პიატნაშკა შეიქმნა 2014 წლის ივნისში, აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების მიერ, როდესაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი მიმდინარეობდა. ახრა ავიძბა, ზედმეტსახელად აფხაზი, რომელზეც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა 2021 წლის იანვარში გამოაცხადა, ამ ქვედანაყოფის დამფუძნებელია. 

ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ კრიზისში, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა. 2019 წელს სოხუმში მოკლეს ახრას ბიძაშვილი, ალხასი, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, რის გამოც ის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციას შეუერთდა.

2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის მორიგი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დამხმარედ "საერთაშორისო კავშირების" მიმართულებით. ამავე წლის ნოემბერში ავიძბამ ხელი მოაწერა თანამდებობის დატოვებას, მიზეზად კი "საერთო საქმეში რწმენის დაკარგვა" დაასახელა.

2021 წლის 4 მარტს ავიძბა, დონეცკელ სეპარატისტ მეგობრებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს. მათ იარაღის უკანონო შენახვასა და ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. ამას გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობდნენ, რომ ავიძბას ჯგუფი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას გეგმავდა. 2021 წლის ივნისში მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და გაათავისუფლეს.

2022 წლის სექტემბერში ავიძბამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან არ უშვებდნენ. ამბობდა, რომ მოსკოვში მიდიოდა. საბოლოოდ, ის მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა პარტიის - "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" ლიდერს, სერგეი მირონოვს და გამოვიდა ომის მხარდამჭერ ღონისძიებაზე - "ჩვენებს არ ვტოვებთ". ის ოკუპირებულ აფხაზეთში 29 სექტემბერს დაბრუნდა და ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების რატიფიცირებას. 

 
 

კომენტარები