დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი ძალადობრივი პროცესების გაღვივებაში უცხო ქვეყნების როლს იკვლევს

ფოტო: REUTERS/Belinda Jiao 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ოფიციალური პირები ონლაინ დეზინფორმაციის გაძლიერებასა და ძალადობრივი პროტესტის გაღვივებაში უცხო ქვეყნების როლს იკვლევენ და აფრთხილებენ სოციალური მედიის პლატფორმებს, რომ მათ დეზინფორმაციის ნაკადი უკეთ უნდა შეეჩერებინათ.

ძალადობრივი პროტესტები და ამასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღა გასულ კვირას ინგლისში 3 გოგოს მკვლელობის შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გოგონების არასწორად იდენტიფიცირებულ მკვლელზე, რომელიც, ინფორმაციის თანახმად, ისლამისტი მიგრანტი იყო.

ანტიისლამური და ანტიიმიგრაციული საპროტესტო ტალღა ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქს მოედო. ძალადობრივი პროტესტის სამიზნე მეჩეთები და მიგრანტებით სავსე სასტუმროები გახდა, რასაც პოლიციას ძალადობრივი შეტაკებებიც მოჰყვა.

სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) პოლიტიკისა და კვლევის დირექტორის, ჯეიკობ დეივის თქმით, ონლაინ დეზინფორმაციის ნაკადმა და თავად სოციალურმა მედიებმა უდიდესი როლი ითამაშეს მიმდინარე მოვლენებში.

ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც უკვე წლებია დეზინფორმაციის გავრცელებასა და განხეთქილების დათესვაში ადანაშაულებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, აკეთებს ყველაფერს, რათა გამოიკვლიოს რა როლი ითამაშეს ამ არეულობებში და ცრუ გზავნილების გავრცელებაში უცხო ქვეყნებმა.

„ჩვენ შევესწარით ბოტების გააქტიურებას ონლაინ სივრცეში, მათ გააქტიურებაში და დეზინფორმაციისა და მიზინფორმაციის გავრცელებაში შესაძლოა უცხო ქვეყნები იყვნენ ჩართული“.  - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრ კირ სტარმერის პრესსპიკერმა.


დიდი ბრიტანეთის ქალაქებში, მათ შორის, ლონდონში, ჰარტპულში, მანჩესტერსა და ალდერშოტში, საუთპორტში დანით თავდასხმის შემდეგ დაწყებული პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობრივი ჯგუფები სკანდირებენ ისლამოფობიურ სლოგანებს, რადგან თავდაპირველად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გაერთიანებულ სამეფოში ახლახან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი იყო.

4 აგვისტოს დილას, სამხრეთ იორკშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ როტერჰემში სასტუმრო Holiday Inn Express-ის წინ, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, გამართული საპროტესტო აქცია ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მას შემდეგ, რაც პროემიგრაციულმა მოძრაობა Stand up to Racism-მა (დაუპირისპირდი რასიზმს) დატოვა სასტუმროს ტერიტორია, ანტიემიგრაციული მოძრაობის პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეები სასტუმროს ფანჯრებს აგურებსა და ქვებს ესროდნენ, რამდენიმე ფანჯარა ჩაიმტვრა. მონაწილეები ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას, გადაკეტეს სასტუმროსკენ მიმავალი გზა და ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც სასტუმროს ელექტროგენერატორი იყო მოთავსებული

 

კომენტარები