პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ატენში მოქალაქისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების გამო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარედგინა.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





