"შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს" - ანაკლიის პორტის ნავსადგურის მშენებლობის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მათ შორის, აკვატორიის გაღრმავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება უკვე მუშაობას.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პროექტის განვითარება, რასაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის" - თქვა კობახიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს" - წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
- ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კონსორციუმი ჩაერთვება
- კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას
2022 წლის 12 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება, თუმცა პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. უკვე 2023 წლის ბოლოს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. მისივე თქმით, გამარჯვებული ინვესტორი მაქსიმუმ მიმდინარე წლის დეკემბერ–იანვარში გამოცხადდებოდა.
2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო
2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.
3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.
2023 წლის 30 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განსახილველად არ მიიღო.