კახა კალაძის თქმით, მოტოციკლებსა და მოპედებს Bus Lane-ზე გადადგილება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"თბილისის მთავრობამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა შესაბამისი დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ავტობუსის ზოლებში მოტოციკლების ან მოპედების მოძრაობას". - თქვა კახა კალაძემ.
შესაბამის ცვლილებას მხარი 19 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 77 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს.
ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს". - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.





