ქართული ოცნება

რა ნაბიჯები გადადგა დასავლეთმა დღემდე "ქართული ოცნების" საპასუხოდ

ქართული ოცნება

რა ნაბიჯები გადადგა დასავლეთმა დღემდე "ქართული ოცნების" საპასუხოდ

რუსული კანონის მიღების, ქართული ოცნების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებისა და აშშ-ს მხრიდან საპასუხო ზომების ფონზე, საქართველოსა და ევროპასა თუ აშშ-ს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა.

დღევანდელი მოცემულობით, რუსული რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ რიგი ამერიკული სანქციები მოქმედებს და, გარდა ამისა, დამატებითი კონკრეტული ზომები როგორც ევროკავშირის, ისევე აშშ-ს მხრიდან უკვე განიხილება. ამასთან, დასავლეთში სამომავლოდ სხვა საპასუხო ნაბიჯების გადადგმასაც არ გამორიცხავენ.

ქართულ ოცნებასა და დასავლეთს შორის დაძაბულობას არც მმართველი პარტია უარყოფს, რომლის წარმომადგენლებმაც "ურთიერთობების გადატვირთვის" საჭიროებაზე არაერთხელ ისაუბრეს.

"ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ეხება ევროკავშირს". - თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-მ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესება რუსული კანონის ხელახალი ინიციირებისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაიწყო, კერძოდ, კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ.

ამერიკული სანქციები ე.წ. სასამართლო კლანის წინააღმდეგ

2023 წლის 5 აპრილს გავრცელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სახდეპმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" რიგ ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა და ამერიკაში შესვლა აუკრძალა.

დეპარტამენტმა ასევე სანქცირებული პირების სია გაასაჯაროვა, რომელიც მოიცავდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს. ასევე, მათი ოჯახის წევრებს.

მოგვიანებით, 14 სექტემბერს აშშ-მ სანქციების ახალი მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესაც ეხებოდა. სახდეპის განცხადებაში ეწერა, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და წარსულში რუსეთის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს დაუწესდა, რომელიც, სავარაუდოდ, "თავის თანამოაზრე  ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში" დაეხმარა. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – ეწერა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილების ფონზე, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკი განმარტავდა, რომ 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებდნენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

თუმცა, 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

თურნავას ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმ დროისთვის ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.

ტელეკომპანია ფორმულამ აშშ-ს წერილი გაავრცელა, რომელიც  სებ-ის გადაწყვეტილებას პასუხობდა. განცხადებაში ამერიკა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამდა აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებდა, სანქციების საფრთხის ქვეშ იყო.

საბოლოო ჯამში, ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ფარცხალაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია

"საით გაფრინდა და საით გაფრინდება, ეს პერსონალური ინფორმაციაა, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში გაფრინდეს და შეიძლება, რუსეთში გაფრინდეს". – თქვა ლილუაშვილმა.

ასევე უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ფარცხალაძის მოქალაქეობა 2023 წლის 17 ოქტომბერს გააუქმა

მმართველი პარტიისა და სანქცირებული მოსამართლეების მხრიდან უკმაყოფილების ფონზე, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, 2024 წლის 1 აპრილს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-სთვის მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართვას აპირებდა.

"საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ". - თქვა მდინარაძემ.

მალევე, 3 აპრილს, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი ხელახლა წარადგინა.

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა

მაისის ბოლოს აშშ-მ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო.

ამას ქართული ოცნების მხრიდან ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გააქტიურება უძღოდა წინ: დადებული პირობის მიუხედავად დასავლელი პარტნიორებისგან არაერთხელ გაკრიტიკებული რუსული კანონი წარადგინეს და მიიღეს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ძალადობისა და დაშინების კამპანია წამოიწყეს და ღიად ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკის წარმოება გადაწყვიტეს.

ამ გარემოებებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ხაზს თვალნათლივ უსვამს თავის 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაში, რომლითაც რუსული კანონის მიღების შემდეგ რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გამოცხადდა.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და მიიღო "უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს შეზღუდავს, სტიგმატიზაციას მოახდენს ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურებიან და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, მშვიდობიანი წინააღმდეგობის ჩასახშობად ძალადობისა და დაშინების აშკარა ნიშნები ვიხილეთ. როგორც "ეროვნული უსაფრთხოების კანონი", ისევე ლეგიტიმური პროტესტის ჩასახშობად გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკები, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებსაც ქართველი ხალხი იმსახურებს, და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ გრძელვადიან გეგმასთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობასთან წინააღმდეგობაში მოდის". - წერია განცხადებაში.

აშშ-ს მხრიდან დაანონსებულ საპასუხო ზომებს რუსული რეჟიმი "იუმორით” შეხვდა - ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სანქციების პოლიტიკა "კომიკურია".

"უპრეცედენტო და ამავდროულად, კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე". - წერდა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დაახლოებით 2 კვირაში, 6 ივნისს, აშშ-მ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ 20-30 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა, რაც, ამერიკული მხარის თქმით, სანქციების პირველ ტალღას წარმოადგენს.

"სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ დააანონსა საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველანაირი ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღო ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა. დღეს, ამ პოლიტიკით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა დავაწესოთ ვიზების შეზღუდვა ათობით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. ეს მოიცავს იმ პირებს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებლები ან თანამონაწილენი არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში: ზღუდავენ თავისუფალი შეკრების უფლებას, მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად ესხმიან თავს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აშინებენ და ქართული ოცნების დავალებით გამიზნულად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ვიზების შეზღუდვის პირველი ნაწილი მოიცავს ქართული ოცნების პარტიის წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადაიაზრებენ ამ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს ქვეყნის დიდი ხნის გაცხადებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სასარგებლოდ. თუ ასე არ მოხდება, აშშ მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.

სანქციების პირველი ტალღის გამოცხადებამდე მილერს ნათქვამი ჰქონდა, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა მხოლოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკით არ შემოიფარგლებოდა და პოტენციურად შეიძლებოდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობის ნებისმიერ სფეროს შეხებოდა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას აწვდის.

"ცხადად ვთქვით, ვიზის შეზღუდვის გამოცხადებული პოლიტიკა არაა ერთადერთი, რაც საქართველოს ქმედებების შედეგად შეიძლება შეიცვალოს. როგორც მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] ხუთშაბათს გამოაცხადა, ჩვენ ვატარებთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარის დახმარებას ვუწევთ სამხედრო დახმარებისთვის, ეკონომიკური განვითარების პროექტებისთვის, ინსტიტუციების შენებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერს გადავხედოთ თუ საქართველოს მთავრობა შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ პარტნიორებს აღარ აღიქვამს პარტნიორებად და მოწინააღმდეგეებად მიაჩნია". - თქვა მილერმა.

დაახლოებით ერთ თვეში თანამშრომლობის გადახედვის პოლიტიკა თავდაცვის სფეროსაც შეეხო. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.

ეს სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი პირდაპირ მიუთითებს, რომ წვრთნების შეჩერების გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიების გამო მიიღეს, რომლებიც მეორე ფრონტის გახსნას, უკრაინასთან "ომში ჩათრევასა" და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს ეხება.

"30 მაისს აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა დაიწყო. ღირსეული პარტნიორის გადადების გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს, [რედ. დასავლეთი] მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად". – წერია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსული რეჟიმისთვის აშშ-ს ეს ნაბიჯი ამჯერად "გაუგებარი" აღმოჩნდა. ეს შეფასება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს ეკუთვნის.

"ჩვენთვის   გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც ღირსეული პარტნიორის გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს თანამშრომლობის ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმატი გვაქვს, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება".  -თქვა ჩიქოვანმა.

როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება თავდაცვის დეპარტამენტმა მკაფიოდ დაასაბუთა, "გაუგებარი" არ ყოფილა და თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის პოლიტიკაზე მიუთითა.

"ვფიქრობ, რომ განცხადება [წვრთნების] გაუქმების მიზეზის შესახებ მკაფიო იყო. ეს სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის.  მე ძალიან პირდაპირ ვამბობდი, რომ ეს არ არის ის [ვითარება], სადაც აშშ-ს სურს, რომ იყოს. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და ამის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო წვრთნების გადადება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს [მმართველი] პარტიის გარკვეული წარმომადგენლებისგან ამერიკისა და ჩვენი განზრახვების შესახებ საქართველოში. ამიტომ, შემიძლია გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ძალიან მკაფიოა მიზეზების შესახებ". - თქვა დანიგანმა.

თავდაცვის სფეროში ნაბიჯები ევროკავშირმაც გადადგა - როგორც 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, EU-მ საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ოდენობის ევრო გაყინა. მანვე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ხელისუფლებისთვის დახმარების შემცირებას, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებისთვის მის გაზრდას აპირებენ. 

"როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის] ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია. და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯებიც იქნება. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ, ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაცხადეს." – თქვა ჰერჩინსკიმ ფორმულას ცნობით ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

რატომ არ დასახელდნენ 6 ივნისს სანქცირებული პირები?

როგორც მეთიუ მილერმა აღნიშნა, იმ პირთა სია, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაეწესათ, კონფიდენციალურია და სახდეპი მას არ გაასაჯაროებს, რადგან ეს ფედერალური კანონით აკრძალულია. 

იმ სანქცირებულ პირებს, რომლებსაც აშშ-ს ვიზა აქვთ, ეცნობათ, რომ ის ვალიდური აღარ არის, ხოლო ისინი, ვისაც ვიზა არ აქვთ, მას ვეღარ აიღებენ. ეს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განმარტა.

“როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და ისინი, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას”. - თქვა დანიგანმა ინტერპრესნიუსთან.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მომავალში აშშ კონკრეტულ პირებზე ფინანსურ სანქციებსაც დააწესებს, მათ სიას აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი გამოაქვეყნებს და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება.

აშშ-ს მხრიდან განმარტების მიუხედავად, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილში სანქცირებული პირების ვინაობის კონფიდენციალურობამ დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, დეპუტატმა ირმა ზავარდაშვილმა თქვა, რომ არ იცოდა, სანქცირებულთა სიაში იყო თუ არა, მაგრამ "მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს" და მოსამართლეების სანქციების საჯაროობაზე მიუთითა.

"P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?" - დაწერა ზავარდაშვილმა Facebook-ზე.

ამ საკითხზე მილერმა 24 ივლისის ბრიფინგზეც ისაუბრა, როცა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაშინგტონი სტრატეგიის შეცვლას და სანქცირებულ პირთა ვინაობის დასახელებას.

მილერმა განმარტა, რომ ეს აშშ-ს სტრატეგია არაა და გაიმეორა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სანქცირებული პირების დასახელებას კანონი უკრძალავს.

"ეს სტრატეგიის საკითხი არაა. ეს კანონის საკითხია. ჩვენ კანონით გვაქვს აკრძალული იმ ხალხის სახელების გამოცხადება, ვისაც ვიზის შეზღუდვები დავუწესეთ." – თქვა მილერმა.

სახდეპის პრესსპიკერმა ასევე ახსნა, რატომ გასაჯაროვდა სანქცირებული მოსამართლეების ვინაობა და განმარტა, რომ აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის წესდების ფარგლებში სანქცირებული პირების ვინაობის გამჟღავნების უფლება არ აქვთ, ხოლო 6 ივნისს მიღებული სანქციები სწორედ ამ აქტის "საგარეო პოლიტიკის არასასურველი შედეგების" ნაწილითაა გათვალისწინებული და მისი 212(a)(3)(C) პუნქტის შესაბამისად დაწესდა. სასამართლო კლანის შემთხვევაში კი შეზღუდვები 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის შესაბამისად დაწესდა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს ეხება.

კონგრესში წარდგენილი აქტები

ამ ყველაფერთან ერთად აშშ-ს კონგრესში დამატებითი კანონპროექტები განიხილება, რომლებიც სენატორებმა რუსული კანონის მიღების საპასუხოდ დააანონსეს, თუმცა სახდეპის მიერ თანამშრომლობის გადახედვის ოფიციალურ გამოცხადებას უძღოდა წინ.

მათ შორის არის სენატორ ჯონ უილსონის ინიციირებული MEGOBARI აქტი, რომლის შესახებაც 20 მაისს გახდა ცნობილი და დემოკრატ ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელ ჯიმ რიშის მიერ 23 მაისს წარდგენილი ქართველის ხალხის აქტი.

ორივე კანონპროექტი ქართული ოცნების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მიმართულ ზომებს ეხება.

MEGOBARI აქტი მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. კანონპროექტის მთავარი დებულებებია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა, დემოკრატიულ უკუსვლაზე გამოხმაურება, ანგარიშების მომზადება და სანქციები, დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა და ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება.

ქართველი ხალხის აქტი  კი საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებასა და სამოქალაქო საზოგადოების, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც რუსული კანონის დაწინაურებასა და მიღებას მხარს უჭერდა, ასევე ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ამასთან, სანქციების სამიზნე გახდებიან პირები, რომლებმაც ქვეყნის სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარეს და ადამიანის უფლებები დაარღვიეს.

ამ აქტის მიღების შემთხვევაში აშშ-მ შესაძლოა შეწყვიტოს საქართველოს სამხედრო და მატერიალური დახმარება, შეჩერდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგი.

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს თქმით, 11 ივლისს აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.

17 ივლისს კი ჯინ შაჰინმა აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესწორების სახით სენატში წარადგინა.

რა საპასუხო ზომებს განიხილავს ევროკავშირი?

14 ივლისს გამოცემა რადიო თავისუფლებამ გაავრცელა მათ მიერ მოპოვებული ევროკომისიის დოკუმენტი, რომელიც ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის საპასუხოდ ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებს ეხება.

გამოცემის მიხედვით, ასეთ ნაბიჯებს შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარების შეწყვეტა და შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაც.

პირველად, დროებით ნაბიჯებს შორის მოიაზრება:

  • ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან)
  • ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა
  • ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას)
  • ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვა

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული ვითარების გაუარესების შემთხვევაში უფრო მძიმე ზომებიც შეიძლება განიხილებოდეს.

მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა "მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის" ან "საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან დარღვევების" სახით გამოიხატებოდეს.

უფრო მძიმე ზომებს განეკუთვნება:

  • წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ.
  • შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში.
  • პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება.
  • ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება.
  • საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.

გარდა ამისა, მდგომარეობის უკიდურესი გაუარესების შემთხვევაში ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ცხრა თვით შეჩერებას განიხილავს.

თუმცა, რადიო თავისუფლების მოპოვებულ დოკუმენტში წერია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოს მოსახლეობისთვის უარყოფითი შედეგი მოჰყვება, ამიტომ ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე ყურადღების გამახვილება უმჯობესი იქნება.

ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე გამოცხადდება.

კომენტარები