სტიქია ლაგოდეხში

დატბორილია 100-მდე სახლის პირველი სართული – ლაგოდეხში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭიაურსა და წითელგორში 27 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მოსახლეობა დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა.

"ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები". - წერს მერია.

მათივე ინფორმაციით, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდინარაშვილი "სტიქიის პირველივე წუთებიდან" ადგილზე იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. როგორც მდინარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სახურავი დაუზიანდა 12მდე სახლს, 100-მდე სახლი კი დაიტბორა.

"დაზიანდა სოფელი ჭიაურის მოსახლეობა. წუხანდელს შემდეგ, დღეს დილითაც, შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახური ახორციელებს დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვას. [...] ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 12-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი დაუზიანდა ძლიერი ქარის შედეგად. დატბორილია, დაახლოებით, 100-მდე ოჯახის პირველი სართულები. შესაბამისი პრევენციული სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს". - თქვა მან.

კომენტარები