სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი მეკითხებოდა, რატომ ჩავერთეთ უკრაინის ომში - კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე" მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გამოკითხა. ავთანდილ სურმანიძის თქმით, მას ბევრი "აბსურდული და ირონიული" კითხვა დაუსვეს.

"სუს-ს ჰქონდა ზოგადად ზედაპირული კითხვები - თუ რა მიზეზით ჩავერთეთ უკრაინაში ომში, ვიცნობთ თუ არა უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს, რომლებიც ვითომდა საქართველოში აწყობენ გადატრიალებას, რაც სრული აბსურდია.

იქ დასმული კითხვებიდან ძალიან ბევრი იყო აბსურდული და ირონიული, თითქოსდა ჩვენ ქართველები, აქ, საქართველოში ვაპირებთ მეორე ფრონტის გახსნას, არადა, რეალურად, ჩვენ, ქართველი მებრძოლები უკრაინაში იმიტომ წავედით, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გახსნილიყო და შესაბამისად, მტერთან გამკლავების საშუალება გვეძლეოდა უცხო მიწაზე და არა ჩვენს მიწაზე, ეს იყო ჩვენი მიზანი" - ამბობს ავთანდილ სურმანიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა". - წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. დაბარებულთა და გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.

კომენტარები