ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული რეჟიმის სასამართლომ უკრაინაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მისიის თანამშრომელს, ვადიმ გოლდს ჯაშუშობისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წელი მიუსაჯა.
მარიონეტული სასამართლო ირწმუნება, რომ 2021 წელს გოლდი ოკუპირებულ დონეცკში უცხოური დაზვერვის დავალებით საწარმოო ობიექტების შესახებ ცნობებს აგროვებდა, შემდეგ კი ეს ობიექტები სარაკეტო იერიშების სამიზნეები ხდებოდა.
გარდა ამისა, სეპარატისტული რესპუბლიკის თვითმარქვია სასამართლომ 43 დაჯავშნილი ავტომობილის კონფისკაცია მოახდინა, რომლებსაც ეუთოს მისიის წარმომადგენლები იყენებდნენ. მარიონეტული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი რუსეთის "უსაფრთხოების წინააღმდეგ" გამოიყენებოდა.
ეუთო მარიონეტული რესპუბლიკის განაჩენს გამოეხმაურა და გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდისა და მოქმედი თავმჯდომარის, საგარეო და ევროპული საკითხებისა და მალტის ვაჭრობის მინისტრის, იან ბორგის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ე.წ. განაჩენს გმობენ.
განცხადებაში ეუთოს წარმომადგენლები ეუთოს სამივე თანამშრომლის, გოლდის გარდა მაქსიმ პეტროვისა და დმიტრო შაბანოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
"უსამართლო და არაადამიანური მოპყრობა ჩვენი დაკავებული კოლეგების მიმართ მიუღებელია და ჩვენს ორგანიზაციაში თანამშრომლობის სულისკვეთებას ძირს უთხრის. ეს მონაწილე სახელმწიფოების საერთაშორისო სამართლითა და ჰელსინკის საბოლოო აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს". - თქვა ბორგმა.
გოლდი, პეტროვი და შაბანოვი 2022 წლის აპრილში დააკავეს.