რუსეთი-სომხეთი

გალუზინი: სომხეთში EU-ს მისიაში კანადის ჩართულობა რეგიონში NATO-ს მცოცავ შეჭრაზე მიუთითებს

მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის თქმით, რუსეთი სომხეთში ევროკავშირის მისიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ EU-ს მისიაში კანადის წარმომადგენელთა მონაწილეობა "სამხრეთ კავკასიაში NATO-ს მცოცავ შეჭრაზე" მიუთითებს.

"სომხეთში ევროკავშირის მისიის საქმიანობას უარყოფითად ვაფასებთ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. [...] გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ამ წლის აპრილში მისიის შემადგენლობაში კანადელი წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რაც, დე ფაქტო, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს მცოცავ შეჭრას ნიშნავს". - თქვა გალუზინმა.

გალუზინმა დაამატა, რომ რუსეთი დასავლური ქვეყნების მიერ რუსულ ობიექტებზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაზე შიშობს. მისივე თქმით, მოსკოვს ისიც აშფოთებს, რომ ევროკავშირის მისიის გაფართოებამ შეიძლება მუდმივი ხასიათიც მიიღოს.

"ყველა საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ დასავლელები რუსული ობიექტებისა და სომხეთის ყველა მეზობელი სახელმწიფოს შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებენ". - თქვა გალუზინმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სომხეთთან და რეგიონში სხვა პარტნიორებთან ევროკავშირის მისიის საკითხს მუდმივად განიხილავენ. 

"კვლავაც დარწმუნებულები ვართ, რომ სამხრეთ კავკასიაში გამძლე მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის 2020-2022 წლის სამმხრივი შეთანხმებების ყოველმხრივი შესრულების საფუძველზე არის შესაძლებელი". - თქვა გალუზინმა. 

2023 წლის ნოემბერში სომხეთმა ევროკავშირთან აზერბაიჯანთან საზღვარზე EU-ს მისიის სტატუსის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო 2024 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა. ხელშეკრულების მიხედვით, მისიის წევრებს სამართლებრივი იმუნიტეტით სარგებლობენ. 

კომენტარები