საქართველო-აშშ

დასანანია პენტაგონის განცხადება ღირსეული პარტნიორი 2024-ის გადადების შესახებ – თავდაცვა

ქართველი სამხედროები ღირსეული პარტნიორი 2020-ის სწავლების დასრულების ცერემონიაზე. 2020 წლის 18 სექტემბერი.
აშშ-ს საელჩო საქართველოში

"დასანანია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ" - თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის "ღირსეული პარტნიორი 2024"-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის "მტკიცე სული 2025" - წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო - ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა. 

"შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო." – წერია პენტაგონის განცხადებაში.

კომენტარები