აშშ-საქართველო

თავისუფლებისკენ სწრაფვა უწყვეტი გზაა - ელჩის სიტყვა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეზე

U.S. Embassy in Tbilisi

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვა წარმოთქვა. დანიგანმა სიტყვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების მილოცვით დაიწყო. 

"მსურს ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა– ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას!" - თქვა დანიგანმა.

დანიგანის თქმით, ამერიკული ოცნების არსი ოპტიმიზმი და რწმენაა იმისა, რომ შენი და შენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის რწმენას. ელჩმა აღნიშნა, რომ აოცებს ქართველების და ამერიკელების მსგავსება, როცა საქმე ეხება ოპტიმიზმს მომავლის მიმართ და დამოუკიდებლობისთვის სწრაფვის გრძელ ისტორიას. რობინ დანიგანმა ხაზი გაუსვა მსგავსებებს ამერიკისა და საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის კუთხით.

რობინ დანიგანმა თავის გამოსვლაში ასევე თქვა, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ კუთხეში ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც დემოკრატია აშინებთ და ნერგავენ შიშს პროგრესის შთაგონების ნაცვლად, თუმცა მას სჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს და დემოკრატიული სახელმწიფოები ერთად შექმნიან უკეთეს მომავალს. 

"ეს გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, ხოლო გამოწვევები, ზოგჯერ, დაუძლეველი ჩანდა. მაგრამ, ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და ყოველ ჯერზე ამ სირთულეების გადალახვით უკეთესი ვხდებოდით. ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს, -ოცნებისა, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ." - თქვა ელჩმა რობინ დანიგანმა. 

აშშ-ს ელჩი საქართველოში ასევე შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის 32 წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც, მისი თქმით, ორივე ქვეყნისთვის წარმატების ისტორიაა და სარგებლის მომტანია. 

"აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით, ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას." - თქვა დანიგანმა. 

კომენტარები