EU-სომხეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

არარატ მირზოიანი ჯოზეფ ბორელი
armenpress

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 ივნისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრა ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგზე, პარტნიორობის გაღრმავებისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. მოსაუბრეებმა არსებული მექანიზმების გამოყენებით სომხეთის მდგრადობის გაძლიერებისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

"სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში, მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობას, ასევე საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომებისა და რეგიონში სტაბილურობით დაინტერესებული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას." - წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები