საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ნაკრებს 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა

ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უკვე გადაეცა 30 მილიონი ლარი ჯილდოს სახით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში დაპირდა.

"ზოგადად ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან და ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მათ შეუძლიათ თამაში. პორტუგალია არ იყო ნაკლები ესპანეთზე, შესაბამისად, 30-ში არის ყველაფერი შესაძლებელი". - თქვა კობახიძემ.

23 აპრილს ივანიშვილის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაპირდა, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით "30 მილიონი ლარით დააჯილდოვებს".

"ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი ქართუ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის". - წერია ქართუს განცხადებაში.

კომენტარები