საქართველო-რუსეთი

რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ სვლისთვის – ზახაროვა

მარია ზახაროვა
Tass

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 26 ივნისის ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი მზად იქნება და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიდის.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა ექვემდებარებოდა დათქმებს, რომლებიც წინააღმდეგობაში იყო რეგიონში არსებულ რეალობასთან. გაგახსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესის დაწყების ინიციატივით, მაშინ რუსეთმა ამ შეთავაზებას მხარი მყისიერად დაუჭირა. შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ეს შეესაბამება ჩვენი ხალხების ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია საერთო ისტორიით, კულტურითა და ახლო ეკონომიკური კავშირებით, მილიონობით ადამიანის ბედის მაკავშირებელი ძაფებით. მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მიდის რუსულ-ქართული ნორმალიზაციისკენ და ამ კონტექსტში მივესალმებით თქვენს მიერ ხსენებულ ინიციატივას. მზად ვართ ამ მიმართულებით წინსვლისთვის". - თქვა ზახაროვამ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, თუ რას ფიქრობს ქართული პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის ინიციატივაზე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.

ინიციატივა, რომელზეც ზახაროვა საუბრობს, პრორუსულ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ პარტიის ლიდერებმა მამუკა ფიფიამ და მიხეილ ჟღენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად მიმართეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თხოვნით

11 ივნისს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება მოსკოვთან მუშაობას საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით იწყებს. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და მას "ჭორი" უწოდა. 

კომენტარები