არჩევნები 2024

"შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ პარლამენტში" – პრორუსული პარტიები საარჩევნოდ გაერთიანდნენ

ის კი არა, რომ ბარიერს გადავლახავთ, ჩვენ შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ საქართველოს პარლამენტში - ამბობს პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი. საარჩევნოდ  პრორუსული კონსერვატიული პარტიები გაერთიანდნენ და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

ირმა ინაშვილის თქმით, სახელისუფლებო პარტია წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა არა ენმ-ს, არამედ კონსერვატიულ ფლანგს. 

"ქართული ოცნება ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა არა ნაციონალურ მოძრაობას და მის განშტოებებს, არამედ რეალურად, ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს. მიზანი არის ის, რომ თვითონ მოირგონ დღეს კონსერვატორის ნიღაბი. 

[...]ერთი მხრივ, არის ულტრალიბერალების გაერთიანება - კრებითი სააკაშვილი, ნაცმოძრაობა და მათი განშტოებები. მეორე მხრივ, ასევე ლიბერალური ქართული ოცნება, რომელიც ცდილობს, რომელიც დღეს გახდა ვითომ კონსერვატორი.

[...] ის კი არა, რომ ბარიერს გადავლახავთ, ჩვენ შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ საქართველოს პარლამენტში" - თქვა ირმა ინაშვილმა. 

როგორც პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, ქართული ოცნება 12 წელია ცდილობს, ყველა კონსერვატიული ძალა გააქროს და მათი ადგილი "დაიპყროს". 

"გასაგებია, რომ საქართველოს ინტერესი არ არის რუსეთთან ომი. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ომში გამარჯვება. ე. ი. უნდა მოვძებნოთ საერთო ენა, გვქონდეს მშვიდი, წყნარი უერთიერთობა. რეალურად ქართული ოცნება დღეს ნაციონალური მოძრაობაა, იქიდან იმპორტირებული ხალხით. 12 წელია ცდილობს, ყველა კონსერვატიული ძალა გააქროს და მათი ადგილი დაიპყროს" - თქვა თარხან-მოურავმა. 

საარჩევნო გაერთიანების წევრია პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოც. ზურა მახარაძის მტკიცებით, ეს არის "ხალხის ერთობა, რომელიც ამბობს: საქართველოს სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ნებისმიერ მხარესთან დიალოგი". 

"ნებისმიერი პროდასავლური, პრორუსული, პროთურქული, პროჩინური პოზიცია არის საქართველოს ღალატი. ერთადერთი სწორი პოზიცია არის პროქართული პოზიცია. გარეთ ვპოულობთ ვიღაცა პატრონს და მისი პრიზმიდან ვუყურებთ სხვებს, ვის მიმართ აქვს პატრონ-ყმული დამოკიდებულება. ჩვენი ერთობა არის იმ ხალხის ერთობა, რომელიც ამბობს: საქართველოს სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ნებისმიერ მხარესთან დიალოგი, ურთიერთობა, უნდა გამომდინარეობდეს მაგ პრინციპიდან" - ამბობს მახარაძე. 

11 ივნისს პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრმა, ზურაბ მახარაძემ თქვა, რომ ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პრორუსულ პარტია პატრიოტთა ალიანსთან შეთანხმება მიღწეულია და ისინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთად აპირებენ.

მახარაძე პირობას დებდა, რომ მისი მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. აქამდე, 8 აპრილს საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიას, კონსერვატიულ მოძრაობას რეგისტრაცია გაუუქმა.

კომენტარები