ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

REUTERS/Thierry Roge/File Photo

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, რიგით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების მთავარი მიზანი რუსული გაზის შეზღუდვა იქნება.

სანქციების ახალი პაკეტი რუსული გათხევადებული გაზის რეექსპორტირებას კრძალავს. 2022 წელს მსგავსი შეზღუდვები დაწესდა რუსული ნავთობის გადაზიდვაზეც. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული აკრძალვა რუსული გაზის იმპორტის სრულ შეზღუდვას არ გულისხმობს.

"ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას". - წერია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის [ბელგიის] განცხადებაში.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს გეგმას, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირში რეგისტრირებულ ოპერატორებს, მათი შვილობილი კომპანიების და პარტნიორების მიერ მესამე ქვეყნებში სანქციების დარღვევის გამო.

სანქციების რიგით მე-14 პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ფორმალურად დაამტკიცებენ.

კომენტარები