NATO

NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სტოლტენბერგს მარკ რუტე ჩაანაცვლებს – მედია

REUTERS/Amel Emric/File Photo

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის კრიტიკოსია.

მარკ რუტესთან დაკავშირებით აღნიშნული ცნობები ნიდერლანდების ეროვნულმა სამაუწყებლო კომპანია NOS-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა თანამდებობაზე რუტეს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

მანამდე, მარტის თვეში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი NATO-ს მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად პრესკონფერენციაზე საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ "[უნგრეთის] პრემიერმინისტრის [ვიქტორ] ორბანის განცხადების შემდეგ, მგონია, აშკარაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ... რათა ახალი გენერალური მდივანი ავირჩიოთ, და ვფიქრობ, ეს კარგი ამბავია".

"მე მგონია, რომ რუტე ძალიან ძლიერი კანდიდატია. მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე უამრავი გამოცდილება აქვს. იგი ახლო მეგობარი და კოლეგაა, და, შესაბამისად, მტკიცედ მჯერა, რომ ძალიან მალე [NATO-ს] ალიანსი ჩემს მემკვიდრეზე შეთანხმებას მიაღწევს, და ეს ყველა ჩვენგანისთვის, NATO-სთვისა და ასევე ჩემთვის კარგი იქნება". - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუტე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო. იგი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ემხრობოდა და მუდმივად ხაზს უსვამდა უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების მნიშვნელობას.

რუტეს პრემიერობის დროს, მან ნიდერლანდების თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა და მშპ-ს 2%-ს გადააცილა, რაც NATO-ს წევრი ქვეყნების მოთხოვნაა. ამასთანავე, რუტემ უკრაინას F-16-ის ტიპოის ავიაგამანადგურებლები, არტილერია, დრონები და საბრძოლო მასალები გადასცა.

კომენტარები