ბალდის კანიონი

ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდამსხმელი 2 პირი დავაკავეთ – შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა, რომლებიც გუშინ, 12 ივნისს ბალდის კანიონში მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარავს თავს დაესხნენ და 2 აქტივისტი დაჭრეს.

"სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბრალდებული ძმები სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.

მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" სოციალურ ქსელში წერს, რომ დაჭრილია მოძრაობის ორი წევრი. მათგან ერთი - 7 მძიმე ჭრილობით - ყელის, თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში - ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები