საფრანგეთი

ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, მაკრონმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

REUTERS/Gonzalo Fuentes/Pool/File Photo

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა.

აქამდე ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანების სია, რომელსაც ჟორდან ბარდელა უძღვება, ხმების 30%-ზე მეტი მიიღო. ეროვნულ გაერთიანებას ასეთი დიდი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია.

მაკრონმა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროკავშირის არჩევნების შედეგები მისი მთავრობისთვის საშინელებაა და მას ამის უგულებელყოფა არ შეუძლია. საფრანგეთის პრეზიდენტმა არჩევნების პირველი რაუნდი 30 ივნისს დანიშნა, მეორე ტური კი 7 ივლისს.

მაკრონის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე 3 წელია დარჩენილი. თუ ლე პენის ეროვნული ერთობა ნაციონალურ არჩევნებში გაიმარჯვებს, საშინაო საქმეებში პრეზიდენტი, ფაქტობრივად, უსიტყვოდ დარჩება.

"ეს სერიოზული, რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ პირველ რიგში ნდობის აქტია... მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობის, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი საკუთარი თავისთვისა და მომავალი თაობებისთვის... დაე ისაუბროს სუვერენულმა ხალხმა... გავიგე თქვენი გზავნილი, თქვენი წუხილები და მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ... საფრანგეთს სჭირდება ცხადი უმრავლესობა, რათა იმოქმედოს მშვიდად და ჰარმონიულად." – თქვა მაკრონმა სიტყვით გამოსვლის დროს.

მაკრონის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ლე პენი მხარდამჭერების წინ სიტყვით გამოსვლით გამოეხმაურა.

"ისტორიული არჩევნები აჩვენებს, რომ როცა ხალხი აძლევს ხმას, ხალხი იმარჯვებს... მზად ვართ გადმოვიბაროთ ძალაუფლება, თუ საფრანგეთი მოგვცემს საკუთარ ნდობას მომავალ ნაციონალურ არჩევნებში... მზად ვართ გამოვიყენო ძალაუფლება, რათა დავასრულოთ მასობრივი მიგრაცია, პრიორიტეტული გავხადოთ ენერგიის შესყიდვა, კვლავ გავაცოცხლოთ საფრანგეთი." – თქვა ლე პენმა.

აქამდე ბარდელამ, ლე პენის პარტიის სიის ხელმძღვანელმა, მაკრონს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

საპირისპიროდ, ემანუელ მაკრონის პარტია რენესანსი მეორე ადგილზე მხოლოდ 15.2%-ით გავიდა. ეგზიტპოლების მიხედვით, 14% მიიღეს სოციალისტებმა, რომელსაც რაფაელ გლუკსმანი უძღვება. ულტრამემარჯვენე ერიკ ზემურის პარტია რეკონკისტმა 5.5%-ის აღება შეძლო, ულტრამემარცხენე La France Insoumise-მა ხმების 8.3% აიღო. მწვანეებმა ევროპარლამენტში მოსახვედრი ბარიერი, 5% მხოლოდ 0.2%-ით გადალახეს. ევროპარლამენტის არჩევნებზე საფრანგეთში დაახლოებით ამომრჩეველთა 51% მივიდა.

კომენტარები