საქართველო-დასავლეთი

ბაიდენი და მაკრონი: ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ ევროატლანტიკურ გზას

REUTERS/Sarah Meyssonnier

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 8 ივნისს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა საქართველოზეც ისაუბრეს. როგორც თეთრის სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, ქართველი ხალხის სურვილი გაითვალისწინონ და ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდნენ. 

"ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მათ გვერდით დგანან. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, ქართულ  ოცნებას, რომ პატივი სცეს საზოგადოების სურვილს, ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში მთელი რეგიონის ხალხის სასარგებლოდ". - წერია განცხადებაში. 

6 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარიზს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა და ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. 8 ივნისს კი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა სხვადასხვა გლობალურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე, უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხზე. 

კომენტარები