EURO 2024

შსს-ს თანამშრომლები EURO 2024-ის უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, EURO 2024-ის ფარგლებში შსს-ს დელეგაცია ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით გერმანიაში მიიწვიეს - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შსს წერს, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, გერმანია საქართველოს შშს-ს დელეგაციას ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩასატარებლად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იწვევს. 

საფეხბურთო ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება გერმანიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან 10 თანამშრომელი გაემგზავვრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.

განცხადებაში წერია, რომ 10 ივნისს ფუნქციონირებას იწყებს ევროპის ჩემპიონატის დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება გერმანიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნოისში.

"ცენტრი, რომელიც შედგება ეროვნული ფეხბურთის 300-ზე მეტი საინფორმაციო ცენტრების მეკავშირე ოფიცრებისა და მობილურ ჯგუფებში განაწილებული ფეხბურთის სპოტერებისგან, ჩემპიონატის ფარგლებში ჩასატარებელ საფეხბურთო მატჩებზე საერთაშორისო საპოლიციო ინფორმაციის ოპერატიულ და უწყვეტ გაცვლას, რისკების შეფასებასა და ანალიზს უზრუნველყოფს. ასევე, განახორციელებს ღონისძიებების ჩატარების და გულშემატკივართა შეკრების ადგილებზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებთან კოორდინირებულ მუშაობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, აღნიშნულ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარდგენილნი იქნებიან სამინისტროს ადმინისტრაციის სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველოს ორი თანამშრომელი, ხოლო მობილურ ჯგუფად, სტადიონებსა და გულშემატკივართა შეკრების ადგილებში სამუშაოდ სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი წარმომადგენელი". - წერია განცხადებაში 

შსს-ს დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2024 წლის 9 ივნისს გაემგზავრება.

კომენტარები