რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია და კონფლიქტს 2014 წლის ევრომაიდანის მოვლენებს აბრალებს, ირწმუნება, რომ რუსეთი 8 წლის განმავლობაში პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობდა.
"ყველა თვლის, რომ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო. მაგრამ არავის, მსურს ხაზი გავუსვა, დასავლეთში, ევროპაში არავის სურს გაიხსენოს, რით დაიწყო ეს ტრაგედია. ის დაიწყო უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით, ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალებით. აი, ომის დაწყება. განა რუსეთი დამნაშავეა ამ გადატრიალებაში? არა." – თქვა პუტინმა 2014 წლის მაიდნის მოვლენებზე, როცა უკრაინის დატოვება რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილ ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწია და რასაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასში ომის დაწყება მოჰყვა.
პუტინი ამ მოვლენებში პოლონეთს, საფრანგეთსა და გერმანიას ადანაშაულებს, რომ გადატრიალება მათ მიერ ოპოზიციასა და იანუკოვიჩს შორის რეგულაციის მცდელობის მიუხედავად მაინც მოხდა. მათთან ერთად ომის დაწყებაში დაადანაშაულა აშშ-ც.
"განა უცნობია რა მოჰყვა ამ ყველაფერს? მოჰყვა ყირიმის მოსახლეობის გადაწყვეტილება, გამოსულიყვნენ უკრაინის შემადგენლობიდან, მოჰყვა დონბასის მცხოვრებლების გადაწყვეტილება, არ დამორჩილებოდნენ მათ, ვინც კიევში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. აი ამ კონფლიქტის დასაწყისი." – თქვა პუტინმა მოვლენებზე, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია პირდაპირ მონაწილეობდა და რამაც უკრაინაში კონფლიქტის რეალური გამწვავება, დონბასში ომის დაწყება გამოიწვია.
პუტინი კვლავ შეეხო მინსკის ფორმატის მოლაპარაკებებსაც და თქვა, რომ დასავლეთი დროის მოგებას ცდილობდა და რუსეთს ატყუებდა.
"8 წელი ჩვენ ვცდილობდით ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა, 8 წელი!... ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია. ომი 2014 წელს დაიწყო სახელმწიფო გადატრიალებისა და იარაღით მათი ჩახშობის მცდელობის შემდეგ, ვინც არ ეთანხმებოდა გადატრიალებას." – თქვა პუტინმა.





