რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: თუ ვხედავთ, რომ დასავლეთი პირდაპირ მონაწილეობს ომში, ანალოგიურად ვიმოქმედებთ

ვლადიმირ პუტინი, 2024 წლის 5 ივნისი.
კრემლი

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 2024-ის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის დასავლური ქვეყნების მიერ მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდებას შეეხო და მუქარა გააჟღერა.

პუტინის თქმით, დასავლეთის მიწოდებულ მაღალი სიზუსტის იარაღების მართვაში უკრაინელებს თავად დასავლური ქვეყნები ეხმარებიან და ამასთან დაკავშირებით მან დაასახელა სამი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა შეიძლება გადადგას.

პირველი, რაც პუტინმა დაასახელა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებაა. ამის შემდეგ კი ის დასავლურ ქვეყნებს დაემუქრა, რომ ანალოგიურ შეიარაღებას მიაწვდიან ქვეყნებს, რომლებიც ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ დარტყმებს მიიტანენ.

"ჩვენ ვფიქრობთ, თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია ასეთი შეიარაღების მიწოდება საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩვენს ტერიტორიაზე იერიშების მისატანად და ჩვენთვის პრობლემებს ქმნის, მაშინ რატომ არ გვაქვს ჩვენ უფლება, რომ ამავე კლასის ჩვენი იარაღი მივაწოდოთ მსოფლიოს იმ რეგიონებს, რომლებიც იერიშებს მიიტანენ იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, ვინც ამას რუსეთთან მიმართებით აკეთებს. ანუ, პასუხი შეიძლება იყოს სიმეტრიული. ჩვენ ამაზე დავფიქრდებით." – თქვა პუტინმა.

ამის შემდეგ პუტინი დასავლურ ქვეყნებს პირდაპირი კონფრონტაციითაც დაემუქრა.

"მესამე. რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები საბოლოოდ დაანგრევენ საერთაშორისო ურთიერთობებს და ჩამოშლიან საერთაშორისო უსაფრთხოებას, ისინი უკვე დეგრადაციამდეა მისული. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები ერთვებიან ჩვენ წინააღმდეგ ომში, და ეს სწორედ მათი პირდაპირი მონაწილეობაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, მაშინ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ ანალოგიური სახით. თუმცა, მთლიანობაში, ეს არის გზა სერიოზული პრობლემებისკენ." – თქვა პუტინმა.

ამავე შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ "იარაღის მიწოდება კონფლიქტის ზონაში ყოველთვის ცუდია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ვინც იარაღს აწვდის, არამხოლოდ აწვდის, არამედ ამავე იარაღს მართავს კიდეც". მისივე თქმით, ეს "ძალიან სერიოზული და ძალიან საშიში ნაბიჯია".

კომენტარები