აშშ

ბაიდენი მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრაციის კონტროლსა და თავშესაფრის მიღებას ამკაცრებს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

4 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ გაამკაცრა თავშესაფრის მინიჭების ზომები მათთვის, ვისაც მექსიკის საზღვრიდან უკანონოდ შემოსვლის დროს დაიჭერენ.

არალეგალურად საზღვრის კვეთის დროს დაჭერილი მიგრანტების დეპორტაცია, ან პირდაპირ მექსიკაში უკან გაბრუნება ამ შეზღუდვით უფრო მარტივად მოხდება. ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. გამონაკლისები შეეხებათ მარტო მყოფ ბავშვებს, სამედიცინო ან სასიცოცხლო საფრთხის მქონე პირებსა და ტრეფიკინგის მსხვერპლებს.

დემოკრატი ბაიდენი, რომელიც 2021 წელს პირობას დებდა, რომ წინა პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიერ მიგრაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებდა, მიგრანტების კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. შესაბამისად, საზღვრის უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ ამერიკის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა. 

რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ვერ თანხმდებოდნენ საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრების კანონპროექტზე, რომელსაც კენჭს თავდაპირველად უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტთან ერთად უხდიდნენ. შეთანხმებას რესპუბლიკურო პარტია ბლოკავდა, რამაც კიევისთვის დახმარების მიწოდებაც შეაფერხა. საბოლოოდ, კანონპროექტი რამდენიმე ნაწილად გაყვეს და კენჭი ცალ-ცალკე უყარეს, მიგრაციის საკითხი კი ამოიღეს.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავშესაფარზე წვდომა კვლავ იქნება შესაძლებელი მათთვის, ვინც მისი მოთხოვნისთვის აპლიკაცია CBP One-ზე დარეგისტრირდება, ან, საზღვრის უკანონო კვეთის ნაცვლად, სხვა ლეგალურ ზომას მიმართავს.

"ეს ქმედება ჩვენ საზღვარზე კონტროლის აღდგენასა და პროცესის კონტროლში დაგვეხმარება... შეზღუდვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შემომსვლელთა რიცხვი არ შემცირდება იქამდე, სადამდეც ჩვენ სისტემას ეფექტიანი მენეჯმენტი შეეძლება." - თქვა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა მაინც გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ძველი საემიგრაციო პოლიტიკა და თქვა, რომ ის "იმიგრაციის დემონიზებას" არასდროს აპირებს.

ასევე, ბაიდენის მტკიცებით, მას რესპუბლიკელებმა "სხვა გზა არ დაუტოვეს" და დამოუკიდებლად "საზღვარზე კონტროლის აღსადგენად" მოქმედებს. მან აქვე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, "მიგრაცია ამერიკის მაცოცხლებელია".

ბაიდენის თქმით, ტრამპმა, რომელიც მიგრაციის საკითხს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, რესპუბლიკელებს უთხრა, რომ მას პრობლემის მოგვარება არ უნდოდა და მისი თავდასახმელად გამოყენება სურდა.

"[ტრამპმა] რესპუბლიკელებს უთხრა... რომ მას პრობლემის გადაჭრა არ სურდა, მას სურდა ის ჩემზე თავდასასხმელად გამოეყენებინა... ეს ცინიკური იყო, ძალიან ცინიკური პოლიტიკური ნაბიჯი და ამერიკელი ხალხის მიმართ, ვისაც საზღვრის საკითხვის გადაჭრა და არა მისი იარაღად გამოყენება სურს, სრული უმაქნისობა." - თქვა ბაიდენმა.

დონალდ ტრამპმა კი საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დემოკრატებმა სამხრეთ საზღვარი "სრულიად დათმეს" და ბაიდენის ბრძანება "მხოლოდ დასანახადაა" გაცემული.

თავშესაფრის ახალი აკრძალვა გააქტიურდება მაშინ, როცა კვირის განმავლობაში არალეგალურ მიგრანტთა დაკავების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 2500-ს გადაცდება. როგორც Reuters-თან საუბარში მაღალჩინოსნებმა ანონიმურად აღნიშნეს, ეს რიცხვი ახლა გაცილებით მაღალია. შესაბამისად, შეზღუდვა ძალაში შედის.

აშშ-ს მთავრობის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ აპრილში არალეგალთა დაკავების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4300-ს უტოლდებოდა.

შეზღუდვა მოიხსნება მაშინ, როცა 3 კვირაში დაკავებულ არალეგალთა რიცხვი 1500-ს ჩამოცდება. ბოლო დროს, როცა საზღვარზე არალეგალთა რიცხვი ამ დონეზე შემცირდა, კოვიდპანდემიის დროს, 2020 წლის ივლისში მოხდა, როცა მოგზაურობის შეზღუდვები საერთაშორისოდ იყო დაწესებული.

ახლა ჯერ კიდევ შეკითხვად რჩება, რა ზომებს გამოიყენებს აშშ-ს ხელისუფლება არალეგალთა ჩქარი დეპორტაციისთვის და რამდენ არამექსიკელ მიგრანტს მიიღებს თავად მექსიკა ამ შეზღუდვის ფონზე.

კომენტარები