დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არტიომ ტუროვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ რუსული კანონის ხელმოწერას რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
ტუროვის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ "სუვერენიტეტი გაიმყარა".
"საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სუვერენიტეტის გამყარებისკენ, რათა ვერ შეძლონ მასზე საგარეო გავლენის ქონა, რათა განვითარდეს სწორედ ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა როგორც დასავლეთის რიგ პოლიტიკოსებს უნდათ. ვნახეთ რეაქცია, როცა კანონს იღებდნენ, როგორი მუქარა ისმოდა ევროპელი პოლიტიკოსების, შეერთებული შტატების მხრიდან, და სანქციებიც და ეკონომიკური ზეწოლა, თუმცა, ალბათ, ქართველ პარლამენტარებს უნდა მივულოცოთ, რომ დაიცვეს ეს პოზიცია და გააკეთეს საკუთარი ქვეყნის სამომავლო განვითარების არჩევანი." – თქვა ტუროვმა.
რუსეთის დუმის დეპუტატის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება მოიქცა "პროქართულად" და არა როგორც "პროდასავლურად".
"ჩვენ ვიცით, საქართველოში რამდენი არაკომერციული ორგანიზაცია მუშაობს, მათი რაოდენობა რამდენიმე ათი ათასია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფინანსდებიან დასავლეთიდან, სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან. და ამავდროულად, მათ ძალიან აქტიური გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღებაზე, საჯარო აზრის წარმოქმნაზე." – დაამატა ტუროვმა.





