შალვა პაპუაშვილი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსული კანონის მიღების გამო, ივანიშვილის დეპუტატ ვიქტორ სანიკიძესთან მოქალაქეების შელაპარაკებაა ასახული.
"გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".
სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში". - წერს პაპუაშვილი თავის Facebook-გვერდზე.
"დილით გადავეყარე ერთ-ერთ მონას და შევახსენე, რაც ჩაიდინა. ესენი მშვიდად ვერსად გაივლიან" - ამ აღწერით Facebook-ზე დღეს ვიდეო სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს დამფუძნებელმა, თამთა შამათავამ გაავრცელა.
ვიდეოს გამოეხმაურა თავად ვიქტორ სანიკიძეც, რომელიც პაპუაშვილის მსგავსად, Facebook-პოსტში მოქალაქეს "ჭეშმარიტ ნაცად" მოიხსენიებს.
"გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი". - წერს ვიქტორ სანიკიძე.





