ევროპარლამენტის არჩევნები 2024

ევროპარლამენტის არჩევნები – რას ელის ევროპა და რას უნდა ელოდოს საქართველო

ევროპარლამენტის არჩევნები 2024

ევროპარლამენტის არჩევნები – რას ელის ევროპა და რას უნდა ელოდოს საქართველო

6-9 ივნისს ევროკავშირის 27 ქვეყნის 370 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეძლება, ბლოკში პირდაპირი წესით არჩევითი ერთადერთი ინსტიტუტი, 720 წარმომადგენლისგან შემდგარი ევროპარლამენტი ხელახლა დააკომპლექტოს.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტი და საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიასთან ერთად ევროპული კანონმდებლობის მიღებასა და მისთვის დემოკრატიული ლეგიტიმაციის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. ის ასევე წარმოადგენს პლატფორმას ფართო დებატისთვის ევროკავშირსა და მის გარეთ მიმდინარე ყველა საკითხზე.

თუმცა, არჩევნებთან დაკავშირებული უმთავრესი საკითხია, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების, მათ შორის ევროკომისიის შემდეგი პრეზიდენტი, სწორედ კენჭისყრაში გამარჯვებულ პარტიას უნდა წარმოადგენდეს ან ახლადარჩეული ევროპარლამენტარების  უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. შესაბამისად, პარლამენტის არჩევნებს ბრიუსელის ბიუროკრატების ხელახალი არჩევაც მოჰყვება.

რა ხდება ახლა?

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნები 2019 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ევროკავშირის არაერთი შიდა თუ საერთაშორისო კრიზისის გადატანა მოუწია - პანდემია, ბრექსიტის საბოლოოდ გაფორმება, პროტესტი EU-ს არაერთ ინიციატივაზე, ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსთა გაძლიერება თუ სხვა. 

ეს ნიშნავს, რომ ევროპელ ამომრჩეველს ბლოკის ამჟამინდელი ხელისუფლების შეფასება არაერთხელ უნდა შესძლებოდათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი სახეების დიდი ნაწილი კვლავ იბრძვის იმავე კაბინეტების დასაკავებლად, შეიძლება, ამან ევროპარლამენტის არჩევნებისთვის დამახასიათებელი დაბალი აქტივობის ცვლილებაც კი გამოიწვიოს.

ამჟამად ევროპარლამენტში 705 დეპუტატია, თუმცა ახალ არჩევნებზე ევროპელი მოქალაქეები 720 ევროპარლამენტარს აირჩევენ. თითოეული მათგანი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს და ძირითადად გაერთიანებულია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. ბლოკის ყველა ქვეყანას პარლამენტში გარკვეული რაოდენობის მანდატი აქვს გამოყოფილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად გამოითვლება. თუ, მაგალითად, გერმანიას ევროპარლამენტში 96 ადგილი აქვს, ლუქსემბურგი მხოლოდ 6 მანდატს იღებს. თითოეულ ქვეყანაში მოქალაქეები ხმას აძლევენ მათთვის სასურველ პარტიას, ხოლო პარტიები მიღებული ხმების შესაბამისად წარადგენენ ევროპარლამენტარებს. მანდატების განაწილების შემდეგ დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებში ერთიანდებიან.

ამჟამად ყველაზე მეტი - 176 დეპუტატი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ჰყავს, შესაბამისად, სწორედ მას აქვს ყველაზე დიდი გავლენა ბლოკის აღმასრულებელი წრის დაკომპლექტებაზე. მეორე ადგილას სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსია (S&D) 136 ევროპარლამენტარით. შემდეგ:

  • განახლებული ევროპა (Renew Europe, ყოფილი ALDE) - 102 მანდატი;
  • მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი (Greens/EFA) - 72 მანდატი;
  • ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) - 69 მანდატი;
  • იდენტობა და დემოკრატია (ID) - 49 მანდატი;
  • მემარცხენეები (The Left) - 37 მანდატი;
  • დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის გარეშე - 59 მანდატი.

როგორია პროგნოზები?

წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნები კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახებს ევროპაში მემარჯვენე, რიგ შემთხვევებში რადიკალი ძალების მიმართ მხარდაჭერის ზრდას, თუმცა, სავარაუდოა, რომ ევროპის მთავარ საკანონმდებლო-საკონსულტაციო ორგანოში ძალთა ბალანსი რადიკალურად არ შეიცვლება.

POLITICO-ს კვლევების თანახმად, ყველაზე მეტ მანდატს კვლავ EPP მოიპოვებს (დაახლოებით - 170), მეორე ადგილს კი სოციალ-დემოკრატები დაიკავებენ (140-145) ისე, რომ დეპუტატების ამჟამინდელი რაოდენობისგან დრამატულ ცვლილებას ვერ ვნახავთ.

სამაგიეროდ, გასული არჩევნების შემდეგ შემცირებულია მწვანეებისა და განახლებული ევროპის მხარდაჭერა, თუმცა, წინასწარი პროგნოზებით, ყველაზე მეტად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფების ID-სა (დაახლოებით, 20 მანდატით - 69 ადგილი) და ECR-ს (10-მდე მანდატით - 75 ადგილი) მხარდაჭერა. ეს ბევრისთვის შიშისმომგვრელია, რადგან გაერთიანების შემთხვევაში მემარჯვენეთა პოტენციური ალიანსი ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას შეძლებს.

თუ მემარჯვენეები გაძლიერდნენ...

ამჟამად ევროპარლამენტის ყველაზე რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის, იდენტობისა და დემოკრატიის (ID) ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე ძლიერი პარტიის წარმომადგენელი, ფრანგი მარინ ლე პენია. ლე პენმა საფრანგეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა და ფინალურ რაუნდში მოსახლეობის 41%-ის მხარდაჭერა მიიღო. ჯგუფი ასევე აერთიანებს ნიდერლანდების ბოლო არჩევნებში გამარჯვებულ ულტრამემარჯვენე პარტიას თავისუფლებისთვის (PVV) ხეერტ ვილდერსის ლიდერობით, ავსტრიულ თავისუფლების პარტიას (FPÖ) და სხვა ევროპელ მემარჯვენეებს. ბოლო კვირებამდე მასში ასევე შედიოდა გერმანიის პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვისაც (AfD), თუმცა პარტიამ ჯგუფი დატოვა და ამით ID-მ 10-მდე მანდატი დაკარგა.

შედარებით უფრო ძველი მემარჯვენე ალიანსია ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR), რომელიც აერთიანებს იტალიის მმართველ პარტიას ჯორჯია მელონის ლიდერობით (Fratelli d'Italia), პოლონეთის ულტრამემარჯვენე პარტიას (PiS) და დეპუტატებს კიდევ 15-მდე ევროპული ქვეყნიდან.

გაზრდილი მხარდაჭერის მიუხედავადაც კი, ცალ-ცალკე არცერთ მემარჯვენე ჯგუფს გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა არ შეეძლებათ და კვლავ გააგრძელებენ მათ ჩვეულ დღის წესრიგს - ევროსკეპტიციზმს ევროკავშირის გაზრდილი გავლენების გამო, ნაციონალიზმის გაღვივებასა და ამ მოტივით სუვერენიტეტის დაცვის მოთხოვნებს, მიგრაციის პოლიტიკის კრიტიკასა და ასე შემდეგ. თუმცა, არსებული პროგნოზების პირობებში გაერთიანების პერსპექტივა პოტენციურ სირთულეებს წარმოშობს.

ID-ის მარინ ლე პენმა უკვე ოფიციალურად შესთავაზა იტალიის პრემიერმინისტრსა და ECR-ის ჯორჯია მელონის გაერთიანება და ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება.

მელონიმ არაერთხელ თქვა, რომ მემარცხენეთა უმრავლესობის ნაწილად ყოფნა არ სურს და არც მემარჯვენეთა გაერთიანების შესაძლებლობა გამორიცხა. შესაბამისად, ამ პერსპექტივით და პოლიტიკური ჯგუფის გარეშე დარჩენილი AfD-სა და უნგრული Fidesz-ის მანდატებით, სავარაუდოა, რომ ულტრამემარჯვენეებს არჩევნების შემდეგ ზოგადად ევროპარლამენტში 160-170 მანდატი ჰქონდეთ - თუმცა, არა პოლიტიკური ერთობით, რადგან მიუხედავად არაერთ საკითხზე თანხმობისა, ჯგუფებსა და პარტიებს შორის კვლავ დიდი განსხვავებაა და ეს პროცესს არათუ გაართულებს, შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახადოს.

პროგნოზები შესაძლოა საბოლოო ჯამში არც ისე დრამატული იყოს. თავარი კითხვაა, ნებისმიერ შემთხვევაში, რას შეცვლის მემარჯვენეთა მხარდაჭერის გაძლიერება და იქნება კი ეს ასეთი საშიში?

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მემარჯვენეთა მხარდაჭერის აქტიური ზრდა გასულ წლებში რიგ პოლიტიკურ პროცესებზე პოპულისტური კაპიტალიზების დამსახურება იყო. იქნებოდა ეს ომი უკრაინაში და ევროპის დახმარების კრიტიკა, მიგრანტების მიღება, ფერმერების პროტესტი ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ თუ სხვა. ხშირად ამგვარი პოპულიზმი სიტყვებად რჩება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ არჩევნების შემდეგ რამდენად სუსტი გავლენა აქვთ გამარჯვებული კოალიციის მიღმა დარჩენილ ევროპარლამენტარებს, შეიძლება ითქვას, რომ აქ სიტუაციის დრამატული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე თავად მემარჯვენეთა რიგებშიც შეუთანხმებლობაა - მაგალითად, მელონისა და ლე პენის პოზიციები რადიკალურად განსხვავდება უკრაინის მხარდაჭერის ან რუსეთთან კავშირების შესახებ. მსგავსი განსხვავებები რეპრეზენტაციულია მთელ მემარჯვენე სპექტრზე და ეს ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მემარჯვენე პოპულისტური ალიანსის ჩამოყალიბების იდეას უფრო მყიფეს ხდის.

ამ სიმყიფით სარგებლობა უკვე სცადა ურსულა ფონ დერ ლეიენმაც, რომელმაც მტრების მეგობრებზე ახლოს დაყენების სტრატეგიით სცადა, მელონისთან და ECR-თან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა. ეს იმ შემთხვევისგან წინასწარ თავის დაზღვევა იქნებოდა, თუ ცენტრისტული ალიანსი კომისიის პრეზიდენტის ასარჩევად საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებდა. მელონიმ ამ შემთხვევაშიც არ კი თქვა და არც არა, ეს გაურკვევლობა კი მხოლოდ EPP-ის ალიანსზე ასხამს წყალს.

რა ხდება არჩევნების შემდეგ?

შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში რეალური ბრძოლა 10 ივნისს, არჩევნების მეორე დღეს იწყება, როცა ოთხი მთავარი და ათობით შედარებით მცირე აღმასრულებელი პოზიციის დასაკავებლად შეთანხმება უნდა შედგეს. 

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მეთაურები უნდა შეთანხმდნენ და შემდეგ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მომავალი პრეზიდენტების კანდიდატურებს, საგარეო პოლიტიკის მომავალ ხელმძღვანელთან ერთად (უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში). სწორედ ეს ლიდერები განსაზღვრავენ ევროკავშირის მომავალს 2029 წლამდე.

თუ ცენტრისტული ევროპული სახალხო პარტია (EPP) ევროპარლამენტში კვლავ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფად დარჩება, ისინი კიდევ ერთხელ, მეორე ვადით წარადგენენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე და დაიწყებენ ზრუნვას, რომ მის ასარჩევად პარტნიორ ჯგუფებთან ერთად საკმარისი, ანუ 361 ხმა აქვთ. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ პირველი რამდენიმე კვირა, თუ არა თვე, პარლამენტი გარიგებების დადებით იქნება დაკავებული.

16 ივლისს პირველი არჩევანი თავად ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად უნდა გაკეთდეს. EPP-ის მხარდაჭერით პოზიციის დაკავება მეორე ვადით, შემდეგი ორი წლით კვლავ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს. როგორც წესი, ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობა ორ უმსხვილეს ჯგუფ შორის, ანუ EPP-სა S&D-ს შორის ნაწილდება. სავარაუდოა, რომ პოზიციას კვლავ მეცოლა დაიკავებს, ხოლო 2026 წელს მას S&D-ს წარმომადგენელი გადაიბარებს.

ამ დროისთვის პოლიტიკურ ჯგუფებს უკვე შეთანხმებული უნდა ჰქონდეთ, როგორ ანაწილებენ სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობასაც. ცენტრთან დაახლოებულ ჯგუფებს სურთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს კენჭი ივლისშივე უყარონ, რათა მემარჯვენე ჯგუფებისგან შესაძლო გართულებები თავიდან აიცილონ. (თუ ლაიენი ამ დროისთვის პარლამენტისგან საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, შემდეგი კენჭისყრა ახალ კანდიდატურაზე 1 თვის ვადაში გაიმართება და ეს აქამდე უპრეცედენტო შემთხვევა იქნება).

ევროკომისიის პრეზიდენტის დანიშვნას მოჰყვება 26 ევროკომისრის შერჩევის პროცესი, როცა თითოეული ქვეყანა ევროკომისიის პრეზიდენტს წარუდგენს კანდიდატებს ისეთი პორტფელების ჩასაბარებლად, როგორიცაა თავდაცვა, ვაჭრობა, გაფართოება, კონკურენცია და სხვა. სწორედ ამ პროცესში ინიშნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელიც, რომელიც ამჟამად ესპანეთის წარმომადგენელი, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელია და რომელსაც ჯერ ევროპული საბჭოს მხარდაჭერა, ხოლო შემდეგ კომისიის პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება.

ბოლო აღმასრულებელი პოზიცია, რომლის არჩევაშიც ევროპარლამენტი არ მონაწილეობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაა. შარლ მიშელის ჩასანაცვლებლად შეთანხმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის 1 დეკემბრამდე უნდა შედგეს. ჯერჯერობით, რთული სათქმელია ვინ გახდება პრეზიდენტი, რომელსაც ბლოკის ლიდერების ერთი მაგიდის გარშემო შეკრება და სტრატეგიაზე მუშაობა ევალება. თუმცა, ცნობილია რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მარკონი თანამდებობაზე იტალიის ყოფილი პრემიერის, მარიო დრაგის დანიშვნას ემხრობა.

რას უნდა ელოდოს საქართველო?

არჩევნებს ბრიუსელში რამდენიმეთვიანი ჩვეული ქაოსი მოჰყვება და ახალი გადაწყვეტილებების მიღებაზე მეტად ყურადღება იმას დაეთმობა, თუ შემდეგი 4.5 წლის განმავლობაში ეს გადაწყვეტილებები ვინ უნდა მიიღოს. ერთი მხრივ, კარგია, რომ საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად კართან იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს ყოფილა, თუმცა ძირითადი საქმე ჯერ კიდევ გასაკეთებელია და მხოლოდ სტატუსი არაფერს ცვლის. როგორც წესი გაფართოების საკითხები ყოველთვის იმ პრობლემების სიაშია, რომელზე მუშაობასაც ყველა სტაბილურობაში ამჯობინებს, მიმდინარე წელს კი ასეთი დროის გამონახვა რთული იქნება.

მეორე მხრივ, სინამდვილეში მთავარი პრობლემა, შესაძლოა, თავად საქართველოში არსებული მდგომარეობა იყოს, სადაც ქართული ოცნების ანტიდასავლური გადაწყვეტილებები არათუ უბიძგებს ევროპელ ლიდერებს, რომ გამონახონ დრო კანდიდატობის გადაწყვეტილებიდან მოლაპარაკებების გახსნისკენ გადასანაცვლებლად, არამედ, პირიქით, სადამსჯელო ღონისძიებებზე იმუშაონ. თანაც იმ დროს, როცა ბლოკისთვის საქართველო პრიორიტეტი საერთოდ არ იქნება.

კარგი არგუმენტია, რომ ევროკავშირში ძლიერდებიან ევროსკეპტიკური ჯგუფები, რომლებიც არათუ გაფართოებაზე, არამედ ბლოკის რიგი კომპეტენციების შეზღუდვებზე საუბრობენ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დამატებით ტვირთად მიიჩნევენ. თუმცა, ამგვარი პოზიციონირება ჯერ კიდევ შორსაა აბსოლუტური პოპულარულობისგან და ფაქტია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ უმეტეს თანამდებობას კვლავ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ჯგუფები ფლობენ.

ამჟამინდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ თავად ევროპარლამენტის არჩევნები და თანმდევი პროცესები საქართველოზე რაიმე დიდ გავლენას არ მოახდენს. გარდა იმისა, რომ პარალელურად აშშ-ში მოახლოებული არჩევნები და ვაშინგტონში ევროპის მიმართულებით შესაძლო ხედვების ცვლაც ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს მსგავსი საქმეების წინა პლანზე წამოწევას უფრო გაართულებს.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლების ქმედებები, იქნება ეს ანტიდემოკრატიული კანონების მიღება თუ ზოგადი ანტიდასავლური რიტორიკა, არჩევნებისთვის მზადებასთან და შედეგების მოლოდინთან ერთად, ისედაც გადატვირთულ პერიოდში მყოფ ევროკავშირს ჩვენი თაროზე შემოდების გადაწყვეტილებას უფრო გაუმარტივებს. შესაბამისად, სამომავლო წინსვლაც მეტწილად თავად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იმ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, როგორშიც შიდა პროცესების დასრულების შემდეგ დავხვდებით.

კომენტარები