რუსული კანონი

ომის პარტია თავს გვახვევს ლოზუნგებს – თელავის მერმა მშვიდობის პარკში ბანერები მოახსნევინა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავში მშვიდობის პარკი გაიხსნა. ორგანიზაცია თავისუფლების მოედნის წევრებმა პარკში ბანერები მიიტანეს, რომლებითაც, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის თქმით, შეახსენებდნენ ხალხს, რომ პარკის მშენებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსდა. ფაქტმა თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. აქტივისტების ინფორმაციით, მან ბანერები მოგლიჯა.

"დღეს ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვეხსენებინა მთავრობისთვის, რომ ამ პარკის რეაბილიტაცია ევროკავშირმა დააფინანსა. ჩვენ მოვუსმინეთ მათ განცხადებას, სადაც ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ამ ფაქტის შესახებ. ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ პარკის რეაბილიტაცია დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მერმა ამოგლიჯა და ფოტოგრაფს მიაწოდა, რომ წაეღო" - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი ჟურნალისტებთან საუბრისას.

თელავის მერმა აქტივისტების მიერ ბანერების მშვიდობის პარკში მოტანას "მიუღებელი" უწოდა. მისი თქმით, მას "ბანერი არ ამოუგლეჯია, უბრალოდ ამოიღო და თანამშრომლებს უთხრა, რომ გაეტანათ".

"ამხელა რეკრეაციულ პარკში ომის პარტია თავზე გვახვევს სულელურ ლოზუნგებს, ბავშვების თანდასწრებით შემოაქვთ გაურკვევლობა და გაურკვეველი პოლიტიკური მესიჯები. ეს მიუღებელია. ევროკავშირის ჩართულობას ჩვენ არ უგულებელვყოფთ, უბრალოდ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს". - თქვა თელავის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები