POLITICO-ს გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ამინისტრაციამ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება მისცა.
"ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა თავის გუნდს მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ უკრაინას შეეძლება ხარკოვში კონტრშეტევისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენოს, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს იერიში მიიტანოს რუსულ ძალებზე, რომლებიც მათ თავს ესხმიან ან ემზადებიან თავდასხმისთვის" – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მოხელე POLITICO-სთან.
აღნიშნულმა პირმა დაამატა, რომ უკრაინას კვლავ არ ეძლევა უფლება რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იერიშები მიიტანოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ს მაისის დასაწყისში მიმართა თხოვნით, ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საშუალება მიეღო, რათა ხარკოვთან რუსეთის თავდასხმა მოეგერიებინა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მანამდე, დანიამ და ბელგიამ უკრაინას მათ მიერ მიცემული F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმაც ისაუბრეს. ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა აღნიშნეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს.
პარალელურად, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის აზრს. მისი თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მომწოდებელი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს პირობებსა და საერთაშორისო სამართალს, მას უფლება აქვს, თავი დაიცვას.





