ცვლილება საგადასახადო კოდექსში

ოფშორების კანონზე ვეტოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დღეს, 20 მაისს, პარლამენტში გამართულ საფინანსო-საკომიტეტო სხდომამ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. "ოფშორების კანონპროექტზე". 

პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებში აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია და არ შეიძლება იქნეს მიღებული დაჩქარებული წესით (განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე) - შებამისად, ის ფორმა, როგორც და რანაირადაც იქნა განხილული კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია.

სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტიდან სრულად ამოიღო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორებში) რეგისტრირებული აქტივების, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში  მოგების, საშემოსავლო და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებას. 

საფინანსო-საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პლენარულ სხდომაზე დაიძლევა. 


19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ე.წ. ოფშორების კანონი მიიღო. ინიციატივის მომხრე 73 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი - 9. რეგისტრაცია 117-მა დეპუტატმა გაიარა. საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

3 მაისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკვე დაუბრუნა.

კომენტარები