შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი: არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა, ასე იქნება მომავალშიც

ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება, მით უმეტეს, ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა. მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი ჰიმნი, ერთი გერბი, და ერთი სამშობლო. ყოველთვის, როცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას საფრთხე ემუქრებოდა, ქართველში იღვიძებდა ათასწლეულების ისტორიულ ქარტეხილებში გამობრძმედილი უძველესი გენი და სიბრძნით განათებული გონი, რომელსაც ჩვენი ერი სამშვიდობოზე გაჰყავდა. ასე იყო წინად, ასეა დღეს და ასე იქნება ხვალაც...

ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს.

ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 

კომენტარები